იმნაძემ იცის, მაგრამ არ გვეტყვის- ჩინოვნიკები ბრმად ნდობას  კიდევ უფრო ჯიუტად ითხოვენ 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ვირუსის ახალი შტამი პასუხობს, რომ არ გვეტყვის:

“ვიცით, მაგრამ არ გეტყვით”, – ამბობს იმნაძე.

იმნაძემ აღნიშნა, რომ ინფიცირებულს დიდ ბრიტანეთთან კონტაქტი არ ჰქონია.

იმნაძე ასევე საგულდაგულოდ მალავს რამდენი პირი იმყოფება იზოლაციაში Covid-19-ის ახალი შტამით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დღეს, 4 იანვარს დადასტურდა. პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტებიც, როგორც ამბობენ, მაგრამ იმნაძე იმასაც ამბობს, რომ ინფიცირებული პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია, შესაბამისად, მას მინიმუმ რამდენიმე დღე მაინც აქვს ვირუსი. რამდენად მოხერხდა მისი ყველა კონტაქტის დადგენა, ინფორმაციის დამალვის გამო, ეგაც არ ვიცით!

“ალია” შეგახსენებთ, არც ერთმა დამალულმა ინფორმაციამ არ მოუტანა სიკეთე საქართველოს მთავრობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თუმცა, როგორც ჩანს, ჭკუას ისევ ვერ სწავლობენ.

რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდა პირი, ეს ხომ არ არის პირადი ინფორმაცია და სახელი და გვარი, რატომ არის ეს დასამალი? იზოლაციაშია, თუ არა, თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ეკიპაჟი? რამდენი დღის წინ ჩამოფრინდა ინფიცირებული? – არც ამ კითხვებზეა პასუხი.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, პაატა იმნაძე ამბობდა, რომ საქართველო მწვანე ზონაშია და კორონავირუსის არ უნდა გვეშინოდეს, ცოტა ხნის წინ ამბობდა, “ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, სხვა არაფერი, დანარჩენი სპეკულაციაა”

თუმცა, დღეს, თენგიზ ცერცვაძემ დასვა კითხვა – იმოქმედებს თუ არა ვაქცინა ახალ შტამზე?

ცოტა მანამდე პაატა იმნაძემ ისიც განაცხადა, “ძნელად წარმომიდგენია იმაზე სწრაფი გავრცელება ჰქონდეს ახალ შტამს, რაც ჩვენ 3 კვირის წინ გვქონდა“, თუმცა, დღეს გვითხრეს, რომ ახალ შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება.

სამწუხაროდ, “ალიას” ისიც კარგად ახსოვს, თავის დროზე, ირანთან ლამის ყველაზე ბოლოს რომ ჩავკეტეთ საზღვრები და ჩინეთმა სანამ თავად არ შეგვიზღუდა ფრენა, ცოცხალი თავით რომ არ მოვეშვით.

რომელ ქვეყანას და ვის ვაფარებთ ამჯერად ხელს, უცნობია, თუმცა, ჩვენ ვიცით ერთი დიდი რამ:

პაატა იმნაძემ იცის, მაგრამ არ გვეტყვის!!!

ჩვენ ჩინოვნიკებს ავიწყდებათ, რომ ჩინოვნიკები არიან და ხალხთან არიან ანგარიშვალდებულნი, ისინი კიდევ უფრო ჯიუტად ითხოვენ ბრმად ნდობას!

ეს რაღაც ახალია, როგორც ჩანს, “ჩინოვნიკების ახალი შტამიც” ვრცელდება, წინაზე მეტად საშიში, აქამდე რაღაც ტიპის ინფორმაციას მაინც გვეუბნებოდნენ, ახლა კი, იციან, მაგრამ ჩუუუ…