საქართველოში მწვანე ლეკვი „გრინჩი“ დაიბადა

იშვიათი ლეკვით უკვე დაინტერესდა ზოოპარკიც, თუმცა, „გრინჩის“ მეპატრონეების განცხადებით, ისინი ლეკვის გაჩუქებას არ აპირებენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში 31 დეკემბერს  ლეკვი დაიბადა, რომელსაც მწვანე ბეწვი აქვს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

მეპატრონეებმა  მწვანე ლეკვს „გრინჩი“ დაარქვეს. ლეკვით უკვე დაინტერესდა ზოოპარკი, თუმცა, მეპატრონეები „გრინჩთან“ განშორებას არ გეგმავენ.

„ექვსი წლის განმავლობაში ჩვენმა ძაღლმა ბევრი ლეკვი გააჩინა. თუმცა, 31 დეკემბრის 10 საათზე როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ რვა ლეკვიდან ერთი მწვანე ფერის იყო, ძალიან გაგვიკვირდა, რადგანაც მსგავსი შემთხვევა მანამდე არ გვქონია და ვფიქრობ, რომ საქართველოშიც მანამდე მწვანე ლეკვი არ დაბადებულა. ჩვენ მის დატოვებას ვაპირებთ“, – განაცხადა გვანცა აღლემაშვილმა.

მწვანე ბეწვით დაბადებული ძაღლი ძალიან იშვიათია. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ეს იმის შედეგია, რომ ლეკვი საშვილოსნოში ყოფნისას მწვანე პიგმენტ ბილივერდინთან შედის კონტაქტში.

მსგავსი შეფერილობის ლეკვები დაბადებულია აშშ–ში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.

 

“სპუტნიკი”