კორონავირუსზე ტესტირებაში ტაქსის მძღოლებიც ჩაერთვებიან

თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსზე ტესტირებაში ტაქსის მძღოლებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტესტირებების გაფართოება იგეგმება. ამ ჯგუფებს დაემატა ტაქსის მძღოლების ჯგუფი, რომელთათვისაც აქტიური კამპანია დაიწყო უკვე დღეიდან და მათი ტესტირებაც მოხდება ყველა იმ ჯგუფთან ერთად, ვინც ჩართული იყო აქამდე პროგრამაში.

ასევე მოეწყობა სპეციალური ტესტირების დამატებითი წერტილები, მაგალითად, აგრარულ ბაზრებში დასაქმებული მოვაჭრეებისთვის, ასევე სხვა პირებისთვის, ვინც რაიმე მიზეზის გამო შესაძლოა, ვერ ახერხებს ამბულატორიაში მისვლას და ურჩევნია, გაიტესტოს მუნიციპალურ საკუთრებაში მყოფ რომელიმე დაწესებულებაში, რაც მისთვის გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 594 ადამიანს დაუდასტურდა, 1 963 კი გამოჯანმრთელდა. ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR-ტესტით.

საქართველოში სულ კორონავირუსის 229 763 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 222 405. გარდაიცვალა 2 628 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4 209. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 840 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

“იმედინიუსი”