„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია, ისინი თვითგანადგურების რეჟიმზე არიან გადასული- ირაკლი კობახიძე

გვარამია, სააკაშვილი და მელია ელჩებს ღიად დაუპირისპრიდნენ, ისინი ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ისეთებიც, რომლებიც ანტიდასავლურ დამოკიდებულებას ღიად არ გამოხატავენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის აშკარად რადიკალური ფრთა და ანტიდასავლური ფრთა. ესენი არიან სააკაშვილი-გვარამიას ფრთა და იგივეა ნიკა მელიაც, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან დასავლურ ინსტიტუტებს და მათ წარმომადგებლებს. ანუ, იქაც არის გარკვეული ფრთა, რომელიც ღიად ანტიდასავლურია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არიან ადამიანები, ვინც არ არიან ღიად ანტიდასავლური და არც ანტიდასავლური. თქვენც ხომ იცით, ვინ უპირისპირდება ღიად დასავლურ ინსტიტუტებს და ვინ არა? გვარამია, სააკაშვილი და მელია ელჩებს ღიად დაუპირისპირდნენ, ისინი ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსები არიან. დანარჩენში არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ემიჯნებიან ასეთ შეტევას დასავლურ ინსტიტუტებზე და პოლიტიკოსებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია, ისინი თვითგანადგურების რეჟიმზე არიან გადასული.

„დღეს უკვე ვიხილეთ სისრულეში მოყვანილი ერთ-ერთი პარტიის თვითგანადგურების დასრულება. რეალურად, „პატრიოტთა ალიანსმა“ საკუთარი თავი გაინადგურა იმით, რაც გუშინ გააკეთა, როცა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ეს პროცესი ახლა გრძელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და იმედი გვაქვს, რომ თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება. „ევროპული საქართველო“ ისედაც განადგურებულია. ეს ჯანსაღი, დემოკრატიული პროცესია და საბოლოო ჯამში, ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიხილოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.