ალავერდში საშობაო ალილო მრევლის გარეშე ჩატარდება

ალავერდის ეპარქიაში საშობაო ალილო შეცვლილი წესებით გაიმართება. ამის თაობაზე, ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

მიტროპოლიტის განმარტებით, წლევანდელი საშობაო ალილო მრევლის გარეშე ჩატარდება.

“პანდემიის ფონზე საშობაო ალილო შეცვლილი ფორმით, ახალი წესებით და მრევლის გარეშე ჩატარდება. მსვლელობაში მონაწილეობას მხოლოდ სასულიერო პირები და სტიქაროსნები მიიღებენ. მცირე ჯგუფი მივა ოჯახებში, დაყოვნების გარეშე.შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენი სამზადისი არ სცილდება დადგენილ საზომს და არც ვარღვევთ მას” – განაცხადა მეუფე დავითმა ჟურნალისტებთან.

ეპარქიაში მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მიხედვით, ალავერდის ტაძარსა და ეზოში მონიშვნებია გაკეთებული. ტაძარში მისულ მრევლს პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ევალება.

ალავერდელი მიტროპოლიტი, დანარჩენ მღვდელმსახურებთან ერთად, სადღესასწაულო მსახურებას ღამის 12:00 საათზე დაიწყებს. ალილოზე შეგროვილი ნობათი, ეპარქიის სურვილის თანახმად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.

საშობაო წირვა-ლოცვამდე, ალავერდის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. ტესტის აღება, სურვილის შემთხვევაში, ტაძრის მრევლსა და სტიქაროსნებსაც შეუძლიათ.

წყარო: knews.ge