ვენესუელას ორი პრეზიდენტი და ორი პარლამენტი ჰყავს

ვენესუელაში ახალმა ეროვნულმა ასამბლეამ ფიცი დადო. ალტერნატიულ პარლამენტში მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს სოციალისტური პარტიის წევრები არიან წარმოდგენილი.

ქვეყნის კიდევ ერთი, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული პრეზიდენტი ხუან გუაიდო კი ალტერნატიულ პარლამენტს კანონგარეშედ აცხადებს და მხოლოდ ძველი მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას ცნობს. პარლამენტი ვენესუელაში დღემდე ერთადერთი ორგანო იყო, რომელიც გუაიდოს მომხრეებით იყო დაკომპლექტებული და მადუროს კონტროლს არ ექვემდებარებოდა.

პოლიტიკური კრიზისი ვენესუელაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგებიც ოპოზიციამ არ აღიარა. 2019 წლის იანვარში ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. მისი უფლებამოსილება მსოფლიოს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა.

 

“იმედინიუსი”