“ამ ერთხელ ქართველებიც ჩავერიეთ ამერიკის საშინაო საქმეებში” – რატომ ფრიალებდა კაპიტოლიუმთან საქართველოს დროშა?

აშშ-ის პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის მომხრეები, სხდომის მიმდინარეობისას, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

CNN-ის ინფორმაციით, კონგრესში დემონსტრანტებისა და პოლიციის დაპირისპირებისას 5 ადამიანი დაიჭრა. გავრცელდა ცნობები ერთ-ერთ ქალზე, რომელსაც ტრამპის მხარდამჭერების შენობაში შეჭრისას ესროლეს – იგი გარდაიცვალა. გამოცემის ცნობით, შეტაკების დროს, აღნიშნული პირის გარდა, კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა.

სოციალურ ქსელში, ქართველების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კადრმა, სადაც კაპიტოლიუმთან საქართველოს დროშა ფრიალებს. როგორც გაირკვა, აქციის მონაწილეს საქართველო აშშ-ს შტატ ჯორჯიაში შეეშალა.

„შეგიძლიათ მითხრათ, რატომ არის საქართველოს დროშა აშშ-ის კაპიტოლიუმის აჯანყებაზე?“ – დაწერა შერ ხაშიმოვმა „თვითერზე“.

„ალბათ ქვეყანა საქართველო, აშშ-ის ჯორჯიას შტატში აერიათ“ – წერდნენ მომხმარებლები.

ზოგიერთის აზრით, საქართველოს დროშას ტამპლიერების ორდერის დროშის სახით, „თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე“ ადამიანები იყენებდნენ.

თუმცა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, შესაძლოა, საქმე ბევრად უფრო მარტივადაა და ქართველიც იყო მისული ტრამპის მომხრეების მხარდასაჭერად, ქართული დროშით, არ დაგავიწყეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ე.წ. ტრამპისტი გვყავს, რომლებიც თვებია უკვე საქართველოდან ამხნევებენ ტრამს, აზიარებენ მის სიტყვებს, მის ფოტოებს და ამერიკის დროშას.

“ალიამ” სცადა დეტალების გარკვევა და რამდენიმე ემიგრანტს ვესაუბრეთ, მათ გვითხრეს, რომ არ იციან დეტალები, როგორ აღმოჩნდა საქართველოს დროშა ტრამპის მომხრეებთან, ერთმა ემიგრანტმა კი ხუმრობით დასძინა:

“ისე გამოვიდა, რომ ამ ერთხელ ქართველებიც ჩავერიეთ ამერიკის საშინაო საქმეებში”

მოლაპარაკებები არ იქნება ტრამსა და ბაიდენს შორის, რადგან ტრამპმა თქვა, რომ გადააბარებს ხელისუფლებას მშვიდობიანად, მაგრამ მოლაპარაკებების რაუნდები რომ დაწყებულიყო, ფასილიტატორად კობახიძეს თუ არა, საქართველოში ამერიკის ელჩს ნამდვილად მიიწვევდნენო, ამბობენ…