“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა აუცილებლად უახლოესი საათების მანძილზე უნდა დაიწყოს.
ამის შესახებ სამადაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” გვერდზე წერს.
“დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ომში, ტრამპი პუტინის უზარმაზარი გამარჯვება იყო. ცხადია, ეს ბევრ ადამიანს ესმოდა, ვინც ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა. თუმცა ახლა, როდესაც რუსეთის ეს პოლიტიკური პროექტი, პრინციპში, ფიასკოთი დასრულდა და ინსტიტუციურმა მოწყობამ, რომელიც აშშ-ის დამფუძნებელმა მამებმა ორი საუკუნის წინ შექმნეს, იმუშავა, დროა, გაბედული ნაბიჯები გადაიდგას:
1 – დაიწყოს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა, ეს მას სამუდამოდ ჩამოაშორებს პოლიტიკას, ასევე პრეცედენტს შექმნის მომავლისთვის.
2 – რუსეთის ჰიბრიდული ომი აშშ-ის წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების მანიპულირებით საკუთარი ამოცანების განხორციელება, აშშ-ის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს;
3 – ძლიერი, ორპარტიული ინიციატივებით დაიწყოს აშშ-ის მორალური ავტორიტეტის აღდგენა მსოფლიოში” – წერს სამადაშვილი.
ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.
დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა.
ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.
წყარო: ptn.ge