რადიკალიზმი პოლიტიკური ძალების სისუტის ნიშანია – პაატა ზაქარეიშვილი

ვაშინგტონში მიმდინარე პოლიტკურ პროცესებს და კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის ფაქტს „პრაიმტაიმნიუსთან“ პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აფასებს.

ზაქარეიშვილის თქმით, ვაშინგტონში განვითარებული პროცესები მიუთითებს, რომ ქვეყანაში რადიკალიზმის ნიშნები იკვეთება.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამერიკაში განვითარებული პროცესების უკან, შესაძლოა, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ძალები იდგნენ.

„კაპიტოლიუმში შეჭრა, ეს არის კრიმინალური საქციელი, ამერიკაში ამაზე უარესი დანაშაული მომხდარა, თუმცა აღნიშნულზე რეაგირება ისეთი იყო, როგორიც დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება. ამერიკაზე მაღალი დემოკრატია კი არსად მეგულება. ნათელია, რომ ამერიკაში რადიკალიზმის ნიშნები იკვეთება. არავინ ელოდა, რომ ტრამპი არჩევნებს წააგებდა.

ტრამპს მომხრეები ასეთი რადიკალური სვლებით საქმეს უფრო უფუჭებენ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, ეს პროცესი ვიღაცის მიერ მართული იყოს, თუმცა მიჭირს ვთქვა, ვის მიერ. საჭიროა, დაველოდოთ მეტი ინფორმაციის მიღებას.

ტრამპი აგულიანებდა და გეშავდა თავის მომხრეებს, ადამიანებს აჯერებდა, რომ არჩევნების მიმდინარეობის დროს რაღაც საშინელება მოხდა, თუმცა მე მაინც მგონია, რომ არჩევნებში ბაიდენმა სამართლიანად გაიმარჯვა. როცა პოლიტიკური ძალები რადიკალურად იქცევიან, ეს სისუსტის ნიშანი უფროა“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, დღეს, როცა საქართველოშიც პოლიტიკური კრიზისია, რამდენად აქვს პერსპექტივა ქუჩის რადიკალიზმის განვითარებას, სადმე შეჭრის მცდელობას, ან თუნდაც, რევოლუციური სცენარის წარმართვას, ზაქარეიშვილი გვპასუხობს:

„საქართვლოში ჩვენ რევოლუციები უკვე გავიარეთ. თუ ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალები რევოლუციას ვერ მოახდენენ. თუ ქართველი ხალხი არ დაუდგა გვერდში ოპოზიციას, მაშინ ოპოზიცია პოლიტიკაში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს. დღეს ქართველი ხალხი ოპოზიციას მხარში არ უდგას, რადგან ხალხს არჩევანი არ აქვს. ბევრს არ მოსწონს ივანიშვილი, მაგრამ უფრო მეტად არ მოსწონს სააკაშვილი“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ კონგრესმენები საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლისა და დამოწმების მიზნით, სპეციალურ სხდომაზე შეიკრიბნენ. პარალელურად კი ტრამპის ვაშინგტონში მხარდამჭერები აქციას მართავნენ, რაც ძალადობრივ ფორმებში გადაიზარდა.

წყარო: bm.ge