საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო წირვის შემდეგ მრევლი დალოცა.
შობა საქართველოში: პანდემიამ დღესასწაულის ტრადიციები შეცვალა >>
7 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას აღნიშნავს. საზეიმო ღვთის მსახურება ყველა მოქმედ ტაძარში გუშინ 23:00 საათზე დაიწყო და მთელი ღამე გაგრძელდა. მთავარი წირვა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ შობის დღესასწაულს. ღმერთმა დიდი მადლი გაგატანოთ ამ ტაძრიდან. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.
კორონავირუსის პანდემიის გამო წირვები უსაფრთხოების ყველა ზომების დაცვით გაიმართა.
კორონავირუსის გამო დღეს ტრადიციული საშობაო ალილო არ გაიმართება, თუმცა სასულიერო პირები თბილისს ავტოკოლონით შემოუვლიან და მოსახლეობას დღესასწაულს მიულოცავენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შობის ღამეს 21:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა.
“სპუტნიკი”