ჯემალ ბაღაშვილი იხსენებს: „წინასაახალწლო დღეებია. „ივერია“ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გასტროლებზეა – უფასო კონცერტი ჩავუტარეთ იქ დისლოცირებულ საბჭოთა არმიას. საღამოს, კონცერტის შემდეგ ისეთი სუფრა გაგვიშალეს, ჩიტის რძეც არ აკლდა.
ვახშამს ჩვენთან ერთად მასპინძლები – რუსი გენერალიტეტიც ესწრება. არაყს მიირთმევენ და ყურადღებით უსმენენ თამადას. მასპინძლების სადღეგრძელოა. ალექსანდრე ბასილაია წამოდგა და გენერლებს ეუბნება: თქვენ ისეთ სამსახურში ხართ, ხვალ რომ ომი დაიწყოს, ან ნახევარი თქვენგანი დაიღუპება, ან, სულაც, ყველანი, ამიტომ თქვენი ხსოვნისა იყოსო… ყველამ ბოლომდე შევსვით, მათ შორის მასპინძლებმაც. ასე დაალევინა ალექსანდრე ბასილაიამ რუს გენერლებს თავიანთი შესანდობარი.“