საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნინო ანანიაშვილმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება, თუმცა, „ამას არანაირი გამართლება არ აქვს“. ასე გამოეხმაურა სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას, რომ ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას ანანიაშვილის გადაწყვეტილება არ მოსწონს.
„საქართველოს დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს. როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებული გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ახლა ბერლინში, ბერლინის კაბარეებში უნდა გამოვიდე და გავართო გერმანელი ოფიცრები, მერე რა მოხდა ომი კი გვქონდაო?! მე ნამდვილად არ ვადარებ ახლა. ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა. მე არასდროს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ-იორკის „სითი გალერიში“, სადაც ხალხი 50 წუთი უკრავდა ფეხზე ამდგარი ტაშს. ეს ყველაფერი ასეა, ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ მომწონს-თქო, ამას არანაირი გამართლება არ აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება ნინო ანანიაშვილის მეუღლეს გრიგოლ ვაშაძეს, როგორც სააკაშვილი ამბობს, მას უკვე დატოვებული აქვს თანამდებობა და არც ქვეყანა და არც პარტია მის ქმედებაზე პასუხს არ აგებს.
„მან თქვა, რომ არ უნდა აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა და წავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო ბევრი ხალხი, ზოგმა გაამართლა, ზოგმა არ გაამართლა. მიმაჩნია, რომ ვაშაძე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო უბრწყინვალესი და ძალიან დიდი დამსახურებები ჰქონდა. გერჰარდ შროდერი წავიდა გერმანიის კანცლერობიდან და გახდა „გაზპრომის“კონსორციუმის საბჭოს წევრი. „გაზპრომს“ ბალეტს ვერ შევადარებ, მითუმეტეს, რომ „გაზპრომის“ მთავარი აქციონერი არის ახლა მთავარი უზურპატორი და გამანადგურებელი საქართველოსი. მათი გასაკრიტიკებელი ნამდვილად არ არის ვაშაძე და ანანიაშვილი. შროდერი იმიტომ გავიხსენე, რომ ის აღარ იყო გერმანიის კანცლერი, ამიტომ არც მისი პარტია და არც მისი ქვეყანა მის ქმედებებზე პასუხს აღარ აგებდა და არც აგებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.