კაპიტოლიუმის შენობაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრიდან რამდენიმე საათში კონგრესში განახლდა სხდომა, სადაც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობდნენ.
დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების გადაბარების პრობლემა არ არის მხოლოდ აშშ-ს პრობლემა და ეს ახალგაზრდა დემოკრატიებსაც ახასიათებთ. მან საქართველო და 2012 წელს ჩატარებული არჩევნები გაიხსენა.
“ამ შენობაში მყოფთაგან ბევრის მსგავსად, მე ვმოგზაურობდი განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში, მთელს მსოფლიოში — ავღანეთიდან და ერაყიდან დაწყებული, დასავლეთ ბალკანეთის და აფრიკის ქვეყნებით დამთავრებული, და საქართველოშიც. 2012 წელს, საქართველოში ჩემს კოლეგასთან, სენატორ რიშთან ერთად ჩავედი, რათა ოფიციალურად, სენატის ეგიდით, დავკვირვებოდით არჩევნებს. არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და მოწინააღმდეგე ქართულ ოცნებას შორის, რომელიც მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი და დაფუძნებული პარტია იყო, და ეს იყო ბრძოლა არა მხოლოდ პარლამენტზე, არამედ მთავრობაზე კონტროლის მოსაპოვებლადაც.
სენატორი რიში და მე, არჩევნების დღეს, უშუალოდ ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანზე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას დავეთანხმეთ, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნებში გამარჯვებული ქართული ოცნება იყო. მაგრამ, არსებობდა რეალური შეშფოთება ქვეყანაში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ძალაუფლების დათმობას არ გეგმავდა. ეს შესაძლოა ძალადობის მიზეზი გამხდარიყო. ეს დაასრულებდა ახალგაზრდა, ახლადჩასახულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ტარდებოდა.
არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იქნებოდა მისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე”, — აღნიშნა სენატორმა შაჰინმა.
6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი.
შეწყდა სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ტრამპის მხარდამჭერები, რადგან მოქმედ პრეზიდენტს სჯერა, რომ მან გაიმარჯვა და არჩევნები გაყალბდა.