ქართული მხრიდან დახმარებას არ განვიხილავთ, – ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უწყებები უმკლავდებიან ხანძრის შედეგად წარმოქმნილ მდგომარეობას და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც შამბა აცხადებს, ახლა ადგილზე განსაკუთრებული არაფერი ხდება და დახმარების საჭიროება არ არსებობს.
შამბას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რუს კოლეგებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
„იყო შემთხვევები, როცა რუსული ვერტმფრენები მთიან რეგიონში ხანძრის ჩაქრობაში დაგვეხმარნენ. ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ უფრო რუსულ მხარეს მივმართავთ“, – აცხადებს სერგეი შამბა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა გაგრაში შექმნილ ვითარებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ადგილზე ყველანაირი ზომები მიღებულია და ხანძრის ახალი კერები ძირითადად მთიან ნაწილში ჩნდება.
„არსებობს გარანტია, რომ მოსახლეობა და მათი საცხოვრებელი ადგილები არ დაზარალდება. ჩვენი საგანგებო სიტუაციების სამინისტრო სიტუაციას აკონტროლებს და დარწმუნებული არიან, რომ იქ არანაირი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა სერგეი შამბამ.
საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ინტენსიურ კავშირში არიან და სთავაზობენ დახმარებას ხანძრების საწინააღმდეგო სამუშაოებში.