ქრისტეშობის დღესასწაული ერთ-ერთია იმ იშვიათ დღესასწაულთაგან, რომელსაც ყველა მართლმადიდებელი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ხვდება. ტრადიციების მოყვარულ ქართველებს არც ეს დღე დაუტოვებიათ მის გარეშე.
საინტერესოა, რა საშობაო ტრადიცია აქვთ ცნობილ ქართველებს. “პრაიმამბები” ამჯერად თამრიკო ჭოხონელიძეს ესაუბრა.
თამრიკო ჭოხონელიძე: – ჩემი ტრადიცია ის არის, რომ შვიდი სანთელი უნდა დავანთო, პატრიარქის ქადაგებისას მოვისმინე, წლების წინ და მას შემდეგ სულ ამ რაოდენობით ვანთებ. კიდევ ყველა ოჯახის წევრის სახელზე კვერები უნდა გამოვაცხო და “ალილო” უნდა ვიმღეროთ. პატარების სახელს მთლიანად ვაწერ, დანარჩენს პირელ ასოებს ამოვუტვიფრავ.
ვინაიდან ფოლკლორისტი ვარ, ბევრნაირი “ალილო” ვიცი და ყველას თავიდან ბოლომდე ვმღერი. პატარებმა უკვე იციან ხალხური “ალილოები” და ჩემთან ერთად ასრულებენ. ეს არის ვატო კახიძის და თამაზ ჯორბენაძის “საშობაოები”. ძალიან მაძლიერებს და ძალიან საამაყოა ჩემთვის ის, რომ 2003 წელს გადაღებული “საშობაოთი” ულოცავენ ერთმანეთს ამ ლამაზ დღეს. ასე რომ, ჩვენს სახლში “ალილოები” სულ ისმის.
გუშინ ჩემმა მოსწავლეებმა ძალიან მასიამოვნეს. ვიდრე საშობაო საათი დადგებოდა, მესმის ეზოდან სიმღერა. გადავიხედე და ჩემი ათი მოსწავლე იდგა და “ალილოს” მიმღეროდა. ეს ისეთი გულისამაჩუყებელი იყო, რომ ტირილი დავიწყე. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ ყველაფრით. მეზობლებიც უსმენდნენ და მათაც ისიამოვნეს.
მათ ჩემგან იციან, რომ სიმღერას დიდი ძალა აქვს. ერთმანეთს დანატრებულები, ისევ სიმღერამ შეახვედრათ ერთმანეთს ჩემს ეზოში.
დიდი მადლობა, რომ გაგახსენდით და “პრაიმამბების” საშუალებით მინდა ყველა თქვენს კოლეგას საინტერესო და კეთილგანწყობილი რესპონდენტები ვუსურვო.