ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ზეიმი არის ერთპარტიულობის დადასტურება – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია. მისი თქმით, ამ მოცემულობას „პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატები ვერ შეცვლიან.

„ეს არის ერთპარტიული პარლამენტი და ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის დადასტურება ერთპარტიულობის. ის უტიფრად სამარცხვინო და სასაცილო „ნიუს ლეთერი“, რაც ჩვენს პარტნიორებს ზეიმით დაუგზავნა მთავრობამ, ნახეთ, რა კარგი, პროდასავლური ხალხი შემოვიდა პარლამენტშიო, არის დასტური ამ სამარცხვინო ერთპარტიული პარლამენტის, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. პარლამენტი ახლა კიდევ უფრო ერთპარტიულია. ზოგჯერ რაღაცის უარყოფით კიდევ უფრო ხაზს უსვამ იმას, რაც ხარ. მე რაც ვთქვი, აქედან გამომდინარე, ისინი ოპოზიციურ ნაწილში შეიძლება განვიხილოთ? – არა! ამის ზეიმით აღნიშვნა აჩვენებს რა დონის დიპლომატიასთან გვაქვს საქმე.

ეს არის კატასტროფა, შინაარსს თავი რომ დავანებოთ. თუ არ ვცდები, ივანიშვილის ახალი ვარსკვლავი კუჭავა არის ამის კურატორი. ეს ცალკე ამბავია კომპეტენციის, რომ დასაცინი ხარ, როცა ასე ლაპარაკობ. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ზეიმი არის ერთპარტიულობის დადასტურება და კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს” – განაცხადა ბოკერიამ.

წყარო: bm.ge