საქველმოქმედო მარათონში თბილისისა და ბერლინის ელექტრონული მუსიკის სცენის 20–ზე მეტი გამორჩეული არტისტი მონაწილეობს. ისინი საკუთარი მსმენელის წინაშე წარდგენას თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ და ფიქრობენ, რომ თბილისის საკლუბო სცენის და ელექტრონული მუსიკის გადასარჩენად ახლა ეს ერთ-ერთი გზაა.
რჩეული არტისტების მოსმენა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს 10 იანვარს, ღამის 12 საათზე შეეძლებათ. ვიდეოების პირდაპირი გაშუქება მუსიკოსების, კლუბების, ადგილობრივი და საერთაშორისო მედია პლატფორმებზე მოხდება.
კოვიდპანდემიის გამო უკვე 11 თვეა, რაც თბილისის კლუბები დახურულია. პანდემიამ და ქვეყანაში არსებულმა რეგულაციებმა საქართველოს კულტურის სფერო მძიმე გამოწვევის წინაშე დააყენა.
მუსიკოსები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას თითქმის ერთი წელია ვეღარ ასრულებენ, ახლა ცარიელ კლუბში მსმენელის გარეშე, ონლაინსტრიმისთვის ემზადებიან.
რეგულაციების გამო კრიზისის პირისპირ დარჩენილი თბილისის საკლუბო სცენა არსებულ გამოწვევებს ვეღარ უმკლავდება. ამის გამო ჯგუფი united we stream თბილისის მერიის მხარდაჭერით საქველმოქმედო მარათონს გამართავს, რომლის პირდაპირი ტრანსლირება ვებპლატფორმაზე მოხდება.
არტისტებისთვის მსმენელის გარეშე ვირტუალურად დაკვრა უჩვეულოა, თუმცა თბილისის საკლუბო სცენის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად ისინი საქველმოქმედო მარათონში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან. არტისტებს მათი ერთგული მსმენელის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვთ.
“რუსთავი2”