ტელეარხს, რომელსაც მეც ვაფინანსებ, აქვს ერთი, ძალიან რბილად თუ ვიტყვი, გაუგებარი გადაცემა, სადაც ოთხი, ჯანღონით სავსე მამაკაცი, განუწყვეტლივ ხარხარებს… არაფერზე.
ერთხელ, ჯაჯანიძის გადაცემის ტიტრებს შევესწარი და რომ არა და არ გათავდა, დავინტერესდი, უკან გადავახვიე, დავითვალე და აღმოჩდა, რომ მის მომზადებაში 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა… ჰოდა, თუ “ეგა, კაცო, პატარაა” (“ქვევრი”) ჯაჯანიძეს ამდენი ხალხი ემსახურება, ხომ წარმოგიდგენიათ, ოთხ მხიარულ მუტრუკს რამდენი დასჭირდება.
ისე, ამ გადაცემას “კაცები” მაინც ჰქვია, არადა, ქართულ ტელევიზიებში გაცილებით მეტია გადაცემა, რომელსაც თამამად შეიძლება “არაკაცები” ვუწოდოთ, ოღონდაც “კაბუკის” შებრუნებული პრინციპით, რადგანაც მათი უმეტესობა ქალებია.
ჰოდა, ამ პანდემიური იძულებით ტელევიზორის ცქერამ, მაიაკოვსკი გამახსენა, კოლუმბს რომ მიმართა:
“ამ ამერიკას დავხურავდი, გავწმენდდი ფრთხილად
და მერე ისევ ხელმეორედ აღმოვაჩენდი”-ო…
ერთი სიტყვით, ამ ტელევიზიებს დავხურავდი, საფუძვლიანად გავწმენდდი და მერე ისევ ხელმეორედ… დავხურავდი!
წყარო – სოციალური ქსელი ფეისბუქი – ჯუზეპე ლურჯცხვირა