ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს განცხადებით, თეოლოგთა ნაწილის სურს ეშაფოტზე აიყვანონ და მათი “მწარე ენის ბრალდებების კოცონზე” დაწვან. ასე ეხმაურება სასულიერო პირი თეოლოგების მიერ მისთვის საეკლესიო სასამართლოს დანიშვნის მოთხოვნას. მიტროპოლიტის ვრცელი განცხადება ეპარქიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
თეოლოგების ამ მოთხოვნას წინ უძღოდა რუსთავი 2-ის ეთერში მიტროპოლიტის განცხადება, რომ ისინი წარმართები არიან — “სასულიერო განათლების მიღების უფლება მიეცათ პატრიარქისგან და ეს ბოროტად გამოიყენეს, ისვრიან ქვებსა და ტალახს”. თეოლოგები ითხოვენ მიტროპოლიტმა ბრალდებები დაამტკიცოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასულიერო ხარისხიდან განიკვეთოს.
მიტროპოლიტი იოანეს განმარტებით, ჟურნალისტმა კითხვა “უსახელო და უგვარო, არხსენებული და უხსენებელი” თეოლოგების შესახებ დაუსვა, რომლებიც პატრიარქს აკრიტიკებდნენ და მისი რეაქციაც აქედან გამომდინარეობდა.
“ვიღაც “თეოლოგები”, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სჯულის კანონის “არცოდნას” და “დარღვევას” აბრალებენ. რა უნდა მეთქვა? ასეთ “თეოლოგებს” არ ვიცნობ. ესენი ალბათ ეკლესიის მიმართ ქვების სროლის და ლაფის დასხმის სპეციალისტები არიან-მეთქი. ეს ჩემი სიტყვები ვიღაცეებმა თავის თავზე მიიღეს, გული ეტკინათ და გამინაწყენდნენ და გამიწყრნენ. დიდმა “პლეადამ” ახალი “თეოლოგებისამ” ჩემი დასჯა მოითხოვა. ამ “პლეადაში” ხსენებული “თეოლოგების” სიიდან ორი-სამი გვარი მეცნო, დანარჩენები ვინ არიან, არც გამიგია”, — წერს მიტროპოლიტი ფეისბუქზე.
მიტროპოლიტი ამბობს, რომ თეოლოგების განცხადებამ მას ბოლშევიკური რეჟიმი გაახსენა.
“ნეობოლშევიზმთან გვაქვს საქმე? ხუმრობის ხასიათზე დამაყენეთ?!”, — წერს მიტროპოლიტი.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრის თქმით, თეოლოგის წოდება გაუფასურებული და შეურაცხყოფილია.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში მოდაშია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული “სერიალები”, რომელთა მთავარი გმირი, ქუთათელ-გაენათის ეპარქიის მმართველად დანიშვნის შემდეგ, ხშირად, თავადაა. იგი ამბობს, რომ რუსთავის ეპარქიის მმართველობის პერიოდში, ჟურნალისტებთან “ვიღაც თეოლოგებზე” აზრი გამოუთქვამს და “ინტროგანოლოგები” უწოდა.
“… მაშინ ხმაური არ ატეხილა. რა ვიფიქროთ, ეპარქიის სახელწოდება განსაზღვრავს დანაშაულის ოდენობას?”, — წერს მიტროპოლიტი.
ამავე განცხადებაში მიტროპოლიტმა თეოლოგების “გამოცდა” გადაწყვიტა და მათ ორი კითხვა დაუსვა:
“წმიდა სახარებაში სად წერია მაცხოვრის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვები და რატომ ამბობს მათ: “ვაი შენდა ქორაზინ და ვაი შენდა ბეთსაიდა…” და კიდევ: “ვაი თქვენდა, მწიგნობარნო ორგულნო”. მეორე კითხვა: წმ. პავლე მოციქული სად და რატომ ამბობს: “არ ვიცოდი, რომ მღვდელმთავარია. ნათქვამია, რომ აუგი არ თქვა ერის მთავარზე”. ველოდები ერთ ბილეთზე თუ მაინც გასცემენ პასუხს, როგორ ჩააბარებენ ამ გამოცდას და მერე გავაგრძელოთ საუბარი”, — აცხადებს მღვდელმთავარი.
თეოლოგთა ნაწილმა მიტროპოლიტ იოანეს მიმართ საეკლესიო სასამართლოს დანიშვნა მას შემდეგ მოითხოვა, რაც მათ მიერვე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს კრიტიკულად შეფასების საპასუხოდ, მიტროპოლიტმა ისინი წარმართებად მოიხსენია.