პატრიარქთან შესვლის წინ ყველას ტესტირება უტარდება

საქართველოს საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კოვიდუარყოფითია, ამის შესახებ საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ განაცხადა.

საპატრიარქოში PCR ტესტირება მას შემდეგ ჩატარდა, რაც პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველა სიფრთხილით ეკიდება.

“საპატრიარქოში, როგორც დაცვის, ასევე – სამედიცინო სამსახური ყველა ღონისძიებას ატარებს, რომ პატრიარქი მაქსიმალურად დაცული იყოს. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით პატრიარქის ჯანმრთელობას, გამომდინარე იქიდან, რომ კარგად გვესმის მისი მნიშვნელობა, უპირველესად საქართველოსთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი ტესტირების შემდეგ შედის პატრიარქთან და დამატებით პირბადეს ატარებს რომ მაქსიმალურად დაცული იყოს პატრიარქი,”-აცხადებს “კურიერთან” პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე.

 

“რუსთავი2”