აი, ეს იქნება დადასტურება, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “კვირის პალიტრასთან” ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილს ეხმაურება:

პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ივანიშვილი ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან და საქმე  წასვლის მორიგ იმიტაციასთან არ გვაქვს. წერილი, რომელიც ივანიშვილმა გამოაქვეყნა და სადაც წასვლასთან დაკავშირებით წერს, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლა ნამდვილად სარწმუნო იყოს. წასვლას საქმით დადასტურება სჭირდება, მეორედ მოსვლა უკვე იყო, ახლა მეორედ წასვლა ვიხილეთ. ყალბ მეორედ მოსვლას ყალბი მეორედ წასვლაც თუ დაემატა, რა აზრი აქვს?! არ ვიცი, გასვლა ასე ადვილი არ არის. პირადი მაგალითით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ძალიან რთულია. თავის დროზე, მეც ვთქვი, პოლიტიკიდან გავდივარ-მეთქი და – ძალიან მტკივნეული იყო. ადამიანურად მისი მესმის. შეიძლება, უნდა კიდეც, მაგრამ ყველა სახელისუფლებო ძაფი მასთან მიდის. ამ ძაფების ჩაჭრა ან გადაბარება საკმაოდ გრძელი და მტკივნეული პროცესია.

პირველი ინდიკატორი იმისა, რომ იგი ნამდვილად მიდის პოლიტიკიდან, მარტივი რაღაც იქნებოდა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრს საშუალება მისცემოდა, საკუთარი გუნდი თავად დაეკომპლექტებინა, ბიძინა ივანიშვილის გუნდი კი არ ჩაესვათ მინისტრთა კაბინეტში! გახარიას ერთი მინისტრი არ დაანიშნინეს – მთლიანად ბიძინა ივანიშვილის გუნდია. გარდა ამისა, ფინანსური ნაკადები და ძალოვანი სისტემა მისი კონტროლის ქვეშ არის. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ გახარიას კაბინეტზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრი კი არ აწერია, არამედ – იგი რეალური ხელისუფალია. თუ ჩვენ ამას დავინახავთ, ეს იქნება დადასტურება, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ფრაზა, რომ „ყველა მიზანი მიღწეულია“ მართლაც ძალიან უცნაურად ჟღერს. უზარმაზარი პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით, ვითარება დეგრადირებულია და წინსვლა კი არ არის, პირიქით – უკუსვლა გვაქვს, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე – ეკონომიკურ ცხოვრებაში. ე.ი ივანიშვილი ან აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და საერთოდ არ ესმის, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ან, უბრალოდ, მორიგ “ტრიუკს” გვიტარებს და უნდა, რაღაც ფსევდო-რეალობაში გადაგვიყვანოს.”