ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის და 8 წლიან მმართველობას აჯამებს

უკვე მეორედ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს და განმარტავს მიზეზებს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება.

წერილის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილი უპრეცენდენტო მოვლენად აფასებს “ოცნების” მესამე ვადით გამარჯვებას არჩევნებში და ამბობს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

“მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით საუკეთესო და უალტერნატივოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება. ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

წერილში ნახსენებია “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიანი მმართველობაც. ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზანი სააკაშვილის რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსით შეუფერხებელი სვლა იყო, რაც მისივე სიტყვებით, შესრულებულია.

17 გვერდიან წერილში არის სხვა აქცენტებიც. ბიძინა ივანიშვილი იხსენებს მის პირველ წერილსაც, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ახსენებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას და პოლიტიკურ პარტიებს. ამბობს, რომ გული წყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია.

“დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს “ქართულ ოცნებას” და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ “ქართული ოცნება” დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით,” – ნათქვამია წერილში.

 

“რუსთავი2”