იაპონიაში კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი სახეობებისგან განსხვავდება

იაპონიაში კორონავირუსის ახალი, მუტირებული ვარიანტი დაფიქსირდა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი სახეობებისგან განსხვავდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვირუსი ოთხ მოქალაქეს დაუდასტურდა, რომლებიც იაპონიაში ბრაზილიიდან ჩავიდნენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს კვლევები იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტურად მოქმედებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ვირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ.

”ამ დროისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის შესახებ, რომ ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია”, – განაცხადა ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ტაკაჯი ვაკიტამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისათვის, კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო იაპონიის მთავრობამ ტოკიოსა და სამ მეზობელ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 289 000 შემთხევაა დადასტურებული, აქედან 4 000-ზე მეტი ადამიანი დაღუპულია.

 

“ინტერპრესნიუსი”