ივანიშვილს მართლაც მოუწევს წასვლა, ოღონდ არა ფორმალურად – მიხელ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ვიდეო-კომენტარით ეხმაურება.

„გავეცანი ივანიშვილის ე.წ წასვლის შესახებ განცხადებას. რამდენჯერ უნდა ჩაგვთვალოს ამ მართლაც ბრიყვმა, საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არ ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების და ანალიზის უნარი.

რამდენჯერ უნდა დაგვცინოს? ახლა ის ჰყვება, რომ თურმე, 2012 წლის არჩევნები გაყალბდა. თუ გაყალბდა, ხელისუფლება რანაირად გადაეცა მას? ჰყვება, რომ ახლა არჩევნები კარგად ჩატარდა, რომელიც მან წააგო და იმის მაგივრად გადაეცა გამარჯვებული ოპოზიციური კოალიციისთვის, ჩაიდო ჯიბეში. თურმე, ესენი არ გაყალბებულა.

ყველაზე მეტად აღმაშფოთა იმან, რომ თურმე სიღარიბე არის ობიექტური რეალობა საქართველოში, რომელსაც უნდა შევეგუოთ. სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5-მილიარდი ამოაცალა ჯიბეებიდან ბოლო 8 წლის განმავლობაში.

ივანიშვილს მართლაც მოუწევს წასვლა, ოღონდ არა ფორმალურად, რომ ჩემს შნირებს გადავაბარე ხელისუფლება, ყველამ კარგად იცის, რომ ის მართავს პროკურორების, მოსამართლეების, პოლიციელების, სუს-ის მეშვეობით, რომელთაც ყოველთვიურად კონვერტით უხდის ხელფასს და ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც ოფიციალურ ხელისუფლებასთან და არც პირდაპირ თანამდებობასთან.

ამდენი წელია არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს. ის მართლაც წავა, მოუხდება წასვლა. მას მოუხდება ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციური კოალიციისთვის.

ჩვენ არათუ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით, სანამ საქართველო ამ ურჩხულის მარწუხებიდან გათავისუფლდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.