რამოდენიმე მოგონებება ცნობილ რეჟისორზე, სერგო ფარაჯანოვზე
რეზო კვესელავა – “ის ქმნიდა კარნავალს. ავტორიც თვითონ იყო და პერსონაჟიც. ცდილობდა კარნავალში ჩაება რაც შეიძლება მეტი მოქმედი პირი, თავს უკეთ გრძნობდა ხალხმრავლობაში.
ხელისუფლების სიმბოლოებს არად აგდებდა, იტაცებდა თავისივე გამბედაობა, მით უმეტეს, თუ ამის გამო მაყურებელი აღტაცებას ვერ მალავდა. საბჭოთა ნორმებს დაუპირისპირდა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია დოგმა (თუნდაც, საკრალური), რომელსაც ფარაჯანოვი გუნდრუკის კმევას დაუწყებდა. პროტესტანტი იყო, ოღონდ არტისტული ბუნებისა. მოხდენილი და ორიგინალური ჟესტისთვის სიცოცხლეს წირავდა. იყო დემოკრატი, ჩვენი კაცი, ჩვენებური.“
რეზო ესაძე – “მე მინახავს ფარაჯანოვი ატირებული თავისი კადრების წინ. მე ის მიყვარდა ასეთი, მინდოდა თანაგრძნობა მეთქვა, ისე განიცდიდა იმ კადრის შინაგანობას, მის სულთან თანასწორობას… მივხვდი, რომ ეს იყო მისი აღსარება.
ასეთი დარჩა ის ჩემში და რაც დრო გადის, მით უფრო ვგრძნობ, რომ ის იყო დიდი ადამიანური სიმარტოვე, თუმცა ის არასდროს იყო მარტო. ის თავის საგნებთან იყო, გრძნობდა მათ … მიუხედავად მისი ენამწარობისა, სერგო ძალიან დაუცველი და ბავშვური იყო … მას ბავშვობა არ დაუმთავრებია, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან”.
სოფიკო ჭიაურელი – “ჩემს კინოცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა სერგო ფარაჯანოვმა. იგი უცნაური მხატვარი იყო, გენიოსი – ნუ გვეშინია ამ სიტყვის. დღეს სერგოს ახსენებენ ფელინის გვერდზე. ჩვენ ეს კაცი გვყავდა, მან თავისი ხელით შექმნა მუზეუმი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ … მას შემდეგ, რაც სერგომ გადამიღო ფილმში ”საიათნოვა”, მან მითხრა, მე უშენოდ ფილმს არ გადავიღებო და მის შემდეგ იგი იგონებდა როლებს ჩემთვის”.
ეს ამბავი კი ყველამ იცის – გრანდიოზული პანაშვიდი სერგომ საკუთარ თავს ციხიდან გამოსვლისას მოუწყო. ცოცხალი ფარაჯანოვის გასვენებაში მონაწილეობდნენ როგორც მეგობრები ისე არაკეთილმოსურვე ადამიანებიც, რომლებსაც ფარაჯანოვი ჩვეულებრივ არ არჩევდა ერთმანეთისგან.
ავტომობილზე იყო სერგოს სურათი, თვითონ რეჟისორი კი მოყვებოდა მას უკან და გამვლელ ადამიანების კითხვაზე, ვის მოასვენებენ პასუხობდა – სერგო ფარაჯანოვსო. ოდიოზური და უცნაური, როგორც ამბობდნენ – გიჟი ფარაჯანოვი.
… ძალიან ახალგაზრდა სულით. უზარმაზარი სულის პატრონი … სახლში არც ტელევიზორი ჰქონდა, არც ტელეფონი, არც რადიო. ცხოვრობდა შუა საუკუნეებში.
არც ამჩნევდა ამას. ერთადერთი რაც აინტერესებდა იყო შემოქმედება.
ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა ერევანში, კიბოს დაავადებით. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა ორ ფილმზე – “შუშანიკის წამება” და “აღსარება”, მაგრამ ავადმყოფობის გამო, სამწუხაროდ ვერც ერთი ვერ განახორციელა.
წყარო: akhali.ge