ბოლო დროს მოდაშია კინოფილმების სერიალები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების „სერიალები“ ბოლო წლების მოვლენაა. ამ „სერიალების“ მთავარი მოქმედი პირები იცვლება. ოპერატორებს ვიცნობთ, დამდგმელი რეჟისორი, სცენარისტი, დამკვეთი და სპონსორები იმალებიან.
მას შემდეგ, რაც ჩვენი პატრიარქის კურთხევით და სინოდის განჩინებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დავინიშნე, ყველაზე ხშირად ამ „სერიალების“ მთავარ როლს მე მითმობენ. ბოლოს გამომიტანეს განაჩენი, ეშაფოტზე უნდა ამიყვანონ და საჯაროდ დამწვან მათი მწარე ენის „ბრალდებების“ კოცონზე. არ გაინტერესებთ, ახლა ვინ და რას მაბრალებენ? ჩემთვის პერსონალურად და გვარ-სახელებით უცნობი „თეოლოგები“ მოითხოვენ ამას რომელიღაც ტელეარხის კორესპონდენტის მასალის საფუძველზე. ამ „თეოლოგებს“ არ აინტერესებთ, რა კითხვა დამისვა კორესპონდენტმა? რა კითხვაც დამისვა, ის პასუხი მიიღო. მას არცერთის გვარი ან სახელი, ან დაწესებულების სახელწოდება, სადაც მუშაობენ და თანამდებობები უკავიათ, იქ არ დაუსახელებია. უსახელო და უგვარო, არხსენებული და უხსენებელი ვიღაც „თეოლოგების“ ბრალდებაზე მკითხა, რას იტყვითო. ვიღაც „თეოლოგები“, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სჯულის კანონის „არცოდნას“ და „დარღვევას“ აბრალებენ. რა უნდა მეთქვა? ასეთ „თეოლოგებს“ არ ვიცნობ. ესენი ალბათ ეკლესიის მიმართ ქვების სროლის და ლაფის დასხმის სპეციალისტები არიან-მეთქი. ეს ჩემი სიტყვები ვიღაცებმა თავის თავზე მიიღეს, გული ეტკინათ და გამინაწყენდნენ და გამიწყრნენ. დიდმა „პლეადამ“ ახალი „თეოლოგებისამ“ ჩემი დასჯა მოითხოვა. ამ „პლეადაში“ ხსენებული „თეოლოგების“ სიიდან ორი-სამი გვარი მეცნო, დანარჩენები ვინ არიან, არც გამიგია. ნუ ეწყინებათ, მაგრამ გამახსენეს ბოლშევიკური რეჟიმის დრო, როცა ვინმეს ჩასაქოლად ვიღაც პარტოკრატის დავალებით შედგენილ წერილზე ხელმოწერები გროვდებოდა. ნეობოლშევიზმთან გვაქვს საქმე? ხუმრობის ხასიათზე დამაყენეთ?!
როგორ გაუფასურდა და შეურაცხყოფილია თეოლოგის, ანუ ქართულად ღვთისმეტყველის, წოდება. ქრისტიანული ეკლესია ამ წოდებით იხსენიებს მოციქულს და მახარებელს წმ. იოანე ღვთისმეტყველს, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს, წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს. თეოლოგები არიან წმ. მაქსიმე აღმსარებელი, წმ. გრიგოლ პალამა, წმ. მარკოზ ეფესელი. მეოცე საუკუნეში ცნობილია ვლადიმირ ლოსკი.
ვინც ჩემს ჩაქოლვას მოითხოვს, ამ „თეოლოგებმა“ თქვან, რომელი დარგის „თეოლოგები“ არიან: დოგმატური ღვთისმეტყველების? ძირითადი ღვთისმეტყველების? სამოძღვრო ღვთისმეტყველების? თუ საღმრთო სჯულის და საეკლესიო სამართლის სპეციალისტები არიან? რა ნაშრომები აქვთ გამოქვეყნებული, თეოლოგები რომ შეიძლება ეწოდოთ?
რუსთავის ეპარქიის მმართველად ჩემი ყოფნისას, 3-4 წლის წინ ვიღაც „თეოლოგების“ გამონათქვამზე ერთ-ერთმა კორესპონდენტმა მკითხა ჩემი აზრი. მე ვუპასუხე, რომ ლექსიკის მიხედვით, რომლითაც მეტყველებენ „თეოლოგები“ კი არა „ინტრიგანოლოგები“ უნდა ეწოდებოდეთ მათ, მაგრამ მაშინ ხმაური არ ატეხილა. რა ვიფიქროთ, ეპარქიის სახელწოდება განსაზღვრავს დანაშაულის ოდენობას? დღევანდელი „თეოლოგები“ ეკლესიის მისამართით ქვებს თუ არ ისვრიან და ლაფს არ ასხამენ, ჩემს სიტყვებს თავის თავზე რატომ იღებენ? ქურდს ქუდი ეწვის?
მოდი, გამოვცადოთ ეს „თეოლოგები“ და ვკითხოთ: წმიდა სახარებაში სად წერია მაცხოვრის, ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს სიტყვები და რატომ ამბობს მათ: „ვაი შენდა ქორაზინ და ვაი შენდა ბეთსაიდა…“ და კიდევ: „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო ორგულნო“? მეორე კითხვა: წმ. პავლე მოციქული სად და რატომ ამბობს: „არ ვიცოდი, რომ მღვდელმთავარია. ნათქვამია, რომ აუგი არ თქვა ერისმთავარზე“.
ველოდები, ერთ ბილეთზე თუ მაინც გასცემენ პასუხს, როგორ ჩააბარებენ ამ გამოცდას და მერე გავაგრძელოთ საუბარი.
პატიება და შეწყალება შემიძლია.
იოანე გამრეკელი
ქუთაის-გაენათელი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი