ჩაკეტილ ქვეყანაში მინისტრი, თებერვლის ბოლოს, მესამე ტალღას ელოდება!

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღას საქართველოს, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა ელოდოს.

მინისტრმა ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მაშინ როდესაც მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ამ კომპონენტშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ და ასევე გავითვალისწინოთ ყველა არსებული გამოცდილება, არა მხოლოდ მზადყოფნის არამედ მართვის კომპონენტშიც.

ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას.

აქედან გამომდინარე, სავარაუდო მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, “ალიასთან” ბევრი ექიმი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ჯერ მეორე ტალღაც არ ჰქონია და ის რასაც ახლა გავდივართ პირველი ტალღაა. მეორე ტალღას კი ისინი ვარაუდობენ მოგვიანებით, მარტის ბოლოდან ელიან, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გაიხსნება.

დღეს, პაატა იმნაძემ შეგვაქო, ამასაც შეგახსენებთ და თქვა, რომ ხალხი თავშეკავებულად შეხვდა ახალ წელს და ამიტომ იკლებს ინფიცირებულთა რიცხვი – არადა, შავი პარასკევის ეფექტითაც გვაშინებდნენ, შობის ეფექტითაც და ახალი წლისასაც, როგორც ჩანს, თავშეკავებულნი გავხდით.

თუ თავშეკავებულნი ვართ და ვირუსი უკან იხევს, რის საფუძველზე ველოდებით ჩაკეტილ ქვეყანაში “მესამე ტალღას”? – მინისტრს ამაზე პასუხი არ აქვს!

და თუ ჩაკეტვის მიუხედავად მაინც იქნება მესამე ტალღა და სახადივითაა, მაშინ რა საჭიროა ასეთი ზემკაცრი შეზღუდვები? მაგალითად, რა საჭიროა ღამის შეზღუდვა, რომელსაც ვერც ერთი ექიმი ხსნის, რისთვისაა? რატომ არ შეიძლება ტრანსპორტი ნაწილობრივ აღადგინო და აკონტროლო?

1 თებერვლიდან, სავაჭრო ცენტრები იხსნება, მაგრამ როგორც სავაჭრო ცენტრების მფლობელებმა მთავრობასთან შეხვედრის მერე თქვეს, სავარაუდოდ ისევ არ იხსნება ტრანსპორტი!

ჯანდაცვის მინისტრი ფეხით დადის, თუ ველოსიპედით?