მას თუ რეალურად სურდა პოლიტიკური პროცესისგან გამიჯვნა, ყველაზე სწორი იქნებოდა, მისი მხრიდან მართლა ჩაეტარებინა რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით, ის, რომ თვითონ წავიდეს და „ქართული ოცნება“ დარჩეს, არ გამოვა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნება“,- ასე შეაფასა ექსპერტმა დავით ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ამ შემთხვევაში მისი პოლიტიკური პროცესებიდან წასვლა.
დავით ზურაბიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ შიგნით შიდა დაპირისპირებები გარდაუვალია და საეჭვოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ პროცესებისგან დისტანცირება შეძლოს.
მისივე თქმით, ის მმართველობის სისტემა, რაც მან შექმნა, მთლიანად დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე და თავად ამომრჩეველმაც მხარი არა ირაკლი კობახიძეს არამედ, ივანიშვილს დაუჭირა.
„მე მჯერა, რომ მას გულწრფელად ასე ჰგონია, ანუ ის გულწრფელად ფიქრობს, რომ ისე დაალაგა სიტუაცია, რომ მის პარტიას მის გარეშეც შეეძლება მართოს ქვეყანა ეს ოთხი წელი, როგორც მინიმუმ. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს ვერ მოხდება ისე, როგორც მას წარმოუდგენია. მას ყველა შემთხვევაში მოუწევს ჩარევა ამ საკითხებში და გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ, რომ ის მმართველობითი სისტემა, რაც მან შექმნა, მთლიანად ჩამოკიდებულია და მთლიანად ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილს, როგორც პერსონას და თვით ეს ამომრჩევლები, ვინც მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“ ისინი ირაკლი კობახიძეს ან ოხანაშვილს არ უჭერენ მხარს, ისინი უჭერენ მხარს ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს იტანენ იმდენად, რამდენადაც ის არის ივანიშვილის მიერ დანიშნული. ასე რომ, კობახიძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარე ხდება, რამდენად დამოუკიდებელი ფიგურა იქნება და რამდენად შეძლებს დამოუკიდებლად გაუძღვეს ამას, მე მგონია, რომ ეს შეუძლებელია.
პარტიის შიგნით შიდა წინააღმდეგობები იქნება გარდაუვალი, უფრო გამწვავდება ეს შიდაწინააღმდეგობები, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ არის, გარეთ არის და პრაქტიკულად, მმართველობის სტრუქტურაში ოპოზიცია არსად არ არის. უბრალოდ, ქუჩის აქციები თუ არ აგორდა, რაღაც დიდი და საერთო მტერი თუ არ იქნა, შიდა წინააღმდეგობა, სავარაუდოდ, საკმაოდ მწვავე იქნება და აქ ბიძინა ივანიშვილი რამდენად იდგება ამ პროცესების მიღმა, მე რთულად წარმომიდგენია,“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია შექმნას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შეცვლის და გაამყარებს მის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციაში უნდა გადაინაცვლოს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამის შესაძლებლობას გამორიცხავს.
„მან ისე კატეგორიულად განაცხადა, რომ პოლიტიკას ემიჯნება, რომ არ მგონია, ახლა ახალი პარტია შექმნას, მით უმეტეს, მისი პარტია და თქვას, რომ მე ახლა, „ქართული ოცნება“ კი აღარ ვარ, არამედ ვარ რომელიმე სხვა პარტია.
რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ალბათ, რაღაც ცვლილებები იქნება, თუმცა ასე უცებ ისინი თავს შეიკავებენ, ჯერ ყველანაირად შეეცდებიან, რომ არ შეიმჩნიონ და ისეთი პოზიცია დაიკავონ, თითქოს არაფერი არსებითად არ იცვლება. წელს ძალიან მნიშვნელოვანი მიჯნა იქნება თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე იმართება. ამ არჩევნებში რა შედეგიც დაიდება აი ის დიდწილად განაპირობებს იმას, ბიძინა ივანიშვილი რეალურად იქნება პოლიტიკაში, თუ არ იქნება თუ ისევ მობრუნებას ხომ არ დააპირებს. ბევრ რამეს დაგვანახებს თვითმმართველობის არჩევნები“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.