ქეთი დოლიძის აგრესიული ბიძინასკლეროზი საჩქაროდ მისახედია!

“ჩემი კუკარაჩა” ანუ ქეთი დოლიძე, ბოლო დროს ბიძინა ივანაშვილის აგრესიული დამცველობით გამოირჩევა. რასაკვირველია, ქალბატონ რეჟისორს უფლება აქვს, დაივიწყოს გარდაცვლილი შევარდნაძე, რომელიც მას “საჩუქარს” ვეღარ გამოუგზავნის და მის ნაცვლად ადიდოს ცოცხალი ივანაშვილი, რადგან დაფინანსება ახლა მას შეუძლია, მაგრამ რას ერჩის თბილისში ჩამოსულ, “ელიავას ხიდის” ქვეშ დამდგარ “სოფლელებს”, ფრანციცულად ლაპარაკში უშლიან ხელს თუ?

საქმე აშკარად ახალ დაავადებასთან – ბიძინასკლეროზთან გვაქვს. დრო არ ითმენს, ქ-ნ ქეთის შველა სჭირდება! თუმცა ქეთი დოლიძეზე მისმა პატრონმა იფიქროს, მაგრამ მაინც რას აკეთებენ “ელიავას ხიდის” ქვეშ (ვახუშტი ბაგრატიონის ხიდს ასე უწოდებს არასოფლელი, ვითომ-თბილისელი რეჟისორი) დამდგარი ადამიანები?

დავიწყოთ იმით, რომ მათი უმეტესი ნაწილი, რამდენადაც ცნობილია, სოფლელები არ არიან, არამედ ნამდვილი ქალაქელები – ჭიათურელები, ტყიბულელები, ბიძინას მშობლიური საჩხერის მკვირდნიც არიან. დიახ, ეს ოდესღაც მძლავრი ინდუსტრიის მქონე ქალაქები იყო. არ შეგვშლია – იყო. ახლა მართლაც “გასოფლელებული” ქალაქებია. ვინც კიდევ დარჩა შახტებში, ვიცით, რა დღეში არიან, 600-800 ლარის გამო თავს იკლავენ. ეს სახიფათო და უმადური სამუშაოც ყველასთვის საკმარისად არ მოიპოვება. ამიტომაც უწევთ “სოფლელებს” თბილისში “ბირჟაობა”, იქნებ ვინმემ რაიმე საქმე დაავალოს და ორი კაპიკი გადაუხადოს.

მაგრამ ბიძინასკლეროზიანებს ამას ვერ გააგებინებ. ქ-ნ ქეთის, ძროხების მწყემსვა არ ეკადრება, მისი საქმე “ელიავას ხიდის” მონიტორინგია. ასეთებს  ვერც იმას გააგებინებ, რომ ყველას არ და ვერ ეყოლება ნახირი, ვერ ექნება ყანები, ბაღ-ვენახები იმ რაოდენობით, რომ წლიდან წლამდე თავი ირჩინოს. ე. წ. სახელმწიფო ვითომ ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას, მაგრამ სინამდვილეში ეს დახმარება ქაღალდზეა დარჩენილი. იმპორტისთვის ფართოდ არის გახსნილი კარები, ქართველი გლეხი კი არაკონკურენტულ ვითარებაშია. ბიზნესს ვინ ჩივის, ბევრს საკუთარი ოჯახის რჩენა გასჭირებია.

აი როგორ გადაწყვეტილებებს ღებულობენ ქეთი დოლიძესავით ბიძინასკლეროზით დაავადებული ჩინოვნიკები:

ოჯახებს, რომელთაც სახლში 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და ყველს და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წლიდან მეწარმე სუბიექტად დარეგისტირება და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწიათ.

თუმცა ჩინოვნიკებსაც რას ვერჩით – ამ რეგულაციების დაწესებას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს, მაშასადამე, ეს ქვეყნის საგარეო კურსის ბრალი უფროა. ეს კურსი კი ბიძინასკლეროზიანების ბრალია.