ეს ისტორია დაუჯერებელ ამბავს ჰგავს, ისეთს ბავშვობაში გაგონილ ლამაზ ზღაპარს რომ მოგაგონებთ, მაგრამ ამჯერად არა ზღაპარზე, არამედ – ზღაპრულ თავგადასავალზე გიამბობთ, რომელიც ერთი ადამიანის ისტორიისთვის მეტად ბევრია.
მთავარ გმირს ცხოვრებაში ყველაფერი გადახდა, ნახა უკიდურესი გაჭირვება, გამოსცადა ობლობის სიმწარე, იცის რას ნიშნავს ძალადობა და ახლა, ამ ყველაფერზე საუბრისას ნინო “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ თქვენთან საუბრისას რომ გავიხსენე ჩემი წარსული, მგონია ეს ყველაფერი მე კი არა, სხვა ქალს გადახდა თავს და უბრალოდ ინფორმაციის დონეზე ვიციო… ის მოძალადე ქმარს და გაუსაძლის ყოფას სხვა ქვეყანაში გაექცა, შვილი კოჭლი ჰყავდა და მისთვის ოპერაციის თანხა სადმე, როგორმე უნდა ეშოვნა. 5 000 ევროს შეგროვების მიზნით, საბერძნეთში წასული ქართველი ქალი ამავე ქვეყნის ერთ-ერთ კუნძულზე სასტუმროს მეპატრონე გახდა, მას ეს ყველაფერი ბერძენმა მეუღლემ უსახსოვრა…
“16 წლის ვიყავი, როცა მშობლები სახლიდან მანქანით წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან. მე ბებია მზრდიდა. სკოლიდან მოვდიოდი, როცა უცხო ბიჭმა მომიტაცა, რა თქმა უნდა, გათხოვებაზე არ ვფიქრობდი, ჯერ მშობლებს ვგლოვობდი, შავი კაბა მეცვა და სკოლის ფორმის საყელოსაც გაკვეთილების დასრულებისთანავე ვიხსნიდი… ძალიან განვიცადე მათი დაკარგვა, დედისერთა ნებიერა ვიყავი. უცებ სასტიკ ცხოვრებას შევეჯახე და მივხვდი, მარტო ვიყავი. ქმრის ოჯახმა ეშმაკობით მაჯობა, მითხრეს სოფელში ცხოვრობ, იქ მომავალი არ გაქვს, ყანების დამუშავება გელოდება მარტო. ჩვენ ხელს შეგიწყობთ, სწავლას გაგაგრძელებინებთ, შვილებს გაგიზრდით და მარტო მოხუცი ბებიის კისერზეც აღარ იქნებიო. ისე ლამაზად დამიხატეს მომავალი, რომ გავიხადე ძაძები და საპატარძლო კაბა მოვირგე… მართალი გითხრათ, ერთადერთი პირობით დავრჩი მათ ოჯახში, მშობლებს ექიმებმა რომ ვერ უშველეს და ვერ გადამირჩინეს, მინდოდა ექიმი თავად ვყოფილიყავი და ყველა ბავშვის დედ-მამა გადამერჩინა…
ქორწილი ვიწრო წრეში გვქონდა, ჩემიანებს არ ედღესასწაულებოდათ. მეორე დღეს კი, მეუღლემ მეგობრები მოიწვია და როცა ზომაზე მეტად დათვრა, მაშინ მეორე შოკი მივიღე. ღამით გამომიტყდა, რომ ის ინტიმურ ურთიერთობას მხოლოდ რამდენიმე ქალის გარემოცვაში ამყარებდა და სხვანაირად არ შეეძლო, რა თქმა უნდა, შემრცხვა ამის წარმოდგენის და სასტიკი უარი ვუთხარი. ამის გამო, სასტიკად მცემა. ცემა და დალურჯებული სიარული ჩემთვის ყოველდღიურობა გახდა. ერთხელაც რამდენიმე დღით მშობლიურ სოფელში წავედი და იქიდან დაბრუნებულს სახლში სამი ქალი დამხვდა. შევშინდი, მივხვდი რაც მელოდა… სახლიდან წასვლა ვცადე, დედამთილ-მამამთილის სახლში გადავალ-მეთქი, ვფიქრობდი. ქმარმა უფლება არ მომცა და წამებით დამემუქრა. მოკლედ, იმ ღამეს მე და იმ ქალებმა ერთად გავატარეთ ღამე, ის ჯოჯოხეთი ახლაც მწარედ მახსოვს. ორსულად დავრჩი…
ალბათ, ჩემი გოგონა კოჭლი იმიტომ დაიბადა, რომ ორსულობისას სულ ნაცემი ვიყავი, სულ ვდარდობდი და უმძიმესი მდგომარეობა გვქონდა. 3 წელში, მამამთილი დაიღუპა, მალევე დედამთილიც მიჰყვა. ქმარმა სმა დაიწყო, ყველაფერს ყიდდა და ანიავებდა. თავიდან ჩვენი ანა ეცოდებოდა და მას არ სცემდა, მერე აგრესია ბავშვზეც დაეწყო და სამარცხვინო ცალფეხას ეძახდა… ამ უბედურებაში ვცხოვრობდი და ვზრდიდი ანას. როცა ექიმებმა თქვეს, რომ ჩემმა გოგომ საოპერაციო ასაკს მიაღწია და უკვე შეიძლებოდა ამ პრობლემის აღმოფხვრა, 5 000 ევრო მოითხოვეს, უცხოელ ექიმს უნდა გაეკეთებინა ოპერაცია. ბევრი ვიფიქრე, ამ თანხას ვერსად ვიშოვიდი. გადავყწვიტე, საბერძნეთში ბიძაშვილთან წასვლა, რომელიც სამუშაოს მპირდებოდა. ჩემი ანა კი სოფელში, მის დასთან დავტოვე.
აღარაფერს ვიტყვი უცხო ქვეყანაში წასვლის სიმწარეზე, როცა უმწეო გოგოს ტოვებ, რომელიც მთელი სამყაროა. ავდექი და ჩემი სამყარო დავტოვე, ამ სამყაროს სრულყოფილებისთვის წავედი.სამუშაო მართლაც დამხვდა მოხუცს ვუვლიდი, მაგრამ 3 თვეში დაიღუპა. ენას ვსწავლობდი, გატეხილი ბერძნული ვიცოდი. ბებიის შვილმა მითხრა, სამსახურიდან არ გაგიშვებ, კუნძულზე სასტუმრო მაქვს და იქ დამლაგებლად წაგიყვანო. 6 თვეში დამლაგებლების ზედამხედველი გავხდი, მერე სამზარეულოშიც შემიშვა და ქართული კერძები დავამატე მენიუს, ეს კაცი განქორწინებული იყო. ისე მოხდა, რომ ცოლობა შემომთავაზა და შემპირდა, ქორწილამდე ანას აქ მე ჩამოგიყვანო და სიტყვა აასრულა. ანას მამამ 2 000 ევრო მოითხოვა, საზღვრის კვეთის უფლება რომ მოეცა, ბავშვი გაყიდა, მაგრამ ეს ხელსაყრელი იყო ჩვენთვის. ჩემმა ბერძენმა ქმარმა ყველაფერი გააკეთა ჩემი გოგოსთვის, ის ჯანმრთელია, რთული ოპერაციები გადაიტანა და ახლა, აღარც გვახსოვს ის შეზღუდვა, რომელიც დაცინვის გამო ტანჯავდა.
ის ინგლისში გავუშვით სასწავლებლად და ჩემს ნაცვლად, ექიმი ანა გახდა. ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა. ჩემს ბერძენ ქმარს სიმსივნე აქვს, ერთხელაც მითხრა, მინდა ყველაფერი შენ და ანას დაგიტოვოთო და სამ სახლთან ერთად, სასტუმროც ჩემს სახელზე გააფორმა.
ახლა, ისე ვცხოვრობთ, რომ ქართული თავგადასავალი აღარც კი მახსოვს, ჩამოსვლაც არ მინდა. რასაც გულგრილად ვერ ვუყურებ ავადმყოფი და გაჭირვებული ბავშვებია, ამიტომ ხშირად ვგზავნი თანხას მათი ოჯახებისთვის. ჩემი მშობლების საფლავი და ბებიის მოვლილი ოდა ხშირად მესიზმრება. ალბათ, როცა პენსიაზე გავალ, მაშინ დავუბრუნდები ფესვებს, იქ საიდანაც დაიწყო ჩემი ისტორია და ალბათ, იქვე დავასრულებ. მადლობელი ვარ უფლის, რომ ამდენი უბედურების მერე, უზარმაზარი ბედნიერება და ჩემი გოგოს უზრუნველი მომავალი წინასწარ მაჩუქა ბერძენი მეუღლის სახით…” – ამბობს ნინო.
მისი თხოვნით, სახელსა და გვარს არ ვასაჯაროებთ, თუმცა ამბობს, რომ ის სოფელ თონეთიდანაა და ნათესავებს გულთბილ მოკითხვას უთვლის სანტორინიდან.