„ამინდის გაუარესების გამო, გუდაური სტეფანწმინდის დამაკავშირებელი ჯვრის უღელტეხილი დროებით დაიხურა ყველანაირი ტრანსპორტისთვის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ზამთრის პერიოდში საქართველოს ამ მხარეში. როგორც მოგეხსენებათ სამთო სათხილამურო კურორტებზე მთავრობა კრძალავს მოთხილამურეების მომსახურებას საბაგიროებით კოვიდის გავრცელების საფრთხის შიშით.
ახლა მთავარი საოცრება, რადგანაც ჯვრის უღელტეხილი ახლა არის დაკეტილი, მთავრობამ მიიღო უნიკალური გადაწყვეტილება და საბაგიროები გახსნეს, რათა მგზავრებმა შეძლონ გადაადგილება გუდაურიდან სტეფანწმინდის მიმართულებით და უკან.
ყველაზე დიდი საოცრება რასაც მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენლის თავი თუ მოიფიქრებს – საბაგიროებით სრულად იკრძალება მოთხილამურეების გადაყვანა და ამას მკაცრად გააკონტროლებენ სახელმწიფო ჩინოვნიკები.
ესე იგი, რა ვითარება გვაქვს, საბაგიროთი ჩვეულებრივი მგზავრები არ წარმოადგენენ საფრთხეს კოვიდის გავრცელების კუთხით, ხოლო მოთხილამურეები, რომლებიც მთლიანად აღჭურვილები ვართ პირადი დაცვის საშუალებებით, თურმე ვართ საშიში ვირუსის გავრცელების მხრივ.
ასეთი ლოგიკით იმართება ქვეყანა უკვე მე-9 წელი,“-წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო, გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. ამის გამო, მთის კურორტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ოთხი საბაგირო – გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო, დროებით, მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის მიზნით ჩაირთვება. მათივე განმარტებით, საბაგიროებით მოსარგებლეები გაკონტროლდებიან და მოთხილამურეები არ დაიშვებიან.
მთის კურორტების მართვის კომპანიის განმარტებით, საბაგიროები იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, 12:00-დან 15:00 საათამდე, საგზაო მოძრაობის აღდგენამდე.