“ქართული ოცნება” ყრილობისთვის ემზადება. ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.
ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნებიდან” ოფიციალურად წასვლის შემდეგ პარტიამ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს, წინასწარ არის ცნობილი, რომ ეს ირაკლი კობახიძე იქნება.
ასევე გაიზრდება პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მისი პოზიცია გუნდის პოზიციიდან გამომდინარეობს.
“მე კანდიდატურაზე ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირ წარდგენილია, თუმცა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები იყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩემი პოზიცია გამომდინარეობს იქიდან, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდი,”-აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ შაბათს გახდება ყველაფერი ცნობილი, იქამდე კი დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს.
“კანდიდატურები, რა თქმა უნდა, შერჩეულია და წარედგინება ის ყრილობაზე, თუმცა ამ საკითხზე, ჯერჯერობით, კომენტარს არ ვაკეთებთ და შაბათს გახდება ცნობილი. მნიშვნელოვანია კოლეგიალური ორგანო, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ყველა აზრი რაც არსებობს ამ გაერთიანებაში იყოს ასახული ამ კოლეგიალური ორგანოს დონეზე, სწორედ ამან განაპირობა პოლიტსაბჭოს რაოდენობის გაზრდა. ერთი ცვლილება, რაც ყველამ მოვისმინეთ არის ის, რომ შემოვა პარტიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია, თუმცა ეს ყველაფერი დამუშავების პროცესშია,”-აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” პოლიტსაბჭო აქამდეც ჰყავდა.
“პოლიტსაბჭო “ქართულ ოცნებას” ჰყავდა და ახლა, უბრალოდ, გვეყოლება განახლებული პოლიტსაბჭო. ამას ჰქვია დემოკრატიული სტრუქტურების მშენებლობა, როდესაც დემოკრატიულ სტრუქტურას აშენებ, აკეთებ ბალანსს, რომ სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანები იყვნენ ერთად. საბოლოოდ კი არის შეჯერებული კომპრომისზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები,”-აღნიშნა დავითულიანმა.
“რუსთავი2”