რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლის ექსპორტზე ახალი შეზღუდვებისა და კვოტების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილებების შედეგად ძვირდება არამხოლოდ ხორბალი, როგორც ეს აპრილში მოხდა, არამედ სხვა სახის მარცვლეულიც. ამ დროისთვის საქართველო ხორბლის მოხმარების 90%-მდე სწორედ რუსულ ხორბალზე მოდის.
2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 72 ათასი ტონიდან 87 ათას ტონამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში იმპორტირებული ხორბლის 100% რუსული ხორბალი იყო.
გასულ თვეში რუსეთის მთავრობამ ძირითადი მარცვლეული კულტურების ექსპორტის განახლებული კვოტები დაადგინა, რომელიც 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. მოცემულ პერიოდში რუსეთი ჯამურად 17.5 მილიონი მარცვლოვანი კულტურის ექსპორტის უფლებას გასცემს.
პირვანდელი გეგმის მიხედვით, ხორბლის საექსპორტო ბაჟი 1 ტონაზე 25 ევროს უტოლდებოდა, ხოლო სხვა მარცვლოვან კულტურებზე კი კვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფი მოქმედებდა. ცვლილებების მიხედვით, უკვე 15 მარტიდან 1 ტონა ხორბალზე საბაჟო გადასახადი 45 ევრომდე იზრდება, 25 ევრომდე იზრდება იგივე გადასახადი სიმინდზე, 10 ევრომდე ქერის შემთხვევაში.
მოსალოდნელია, რომ ეს ცვლილება პირდაპირ აისახება რუსული ხორბლისა და სხვა მარცვლოვანის იმპორტიორ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზეც. ამ დროისთვის საქართველოში იმპორტირებული და მოხმარებული ხორბლის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთიდან მოდის.
მოსალოდნელია, რომ ფასების ამგვარი მატება ქართველი იმპორტიორებს ხორბალს 100-150 ლარით გაუძვირებს. ეს, შესაძლოა, აისახოს როგორც პურპროდუქტებზე, ასევე, ისეთ დარგებზე, როგორიცაა მეფრინველეობა და მეცხოველეოება, რადგანაც ეს დარგები საკვებად ძირითადად, ასევე, რუსეთიდან იმპორტირებულ მარცვლეულობას იყენებენ. მოსალოდნელია, რომ ამ სახეობის პროდუქტებზე ფასი 10-12%-ით მოიმატებს.
გასული წლის 10 თვეში საქართველომ რუსეთისგან 97 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი შეიძინა. ამავე პერიოდში საქართველომ სულ 22 მილიონი დოლარის სიმინდის იმპორტი განახორციელა, საიდანაც 19 მილიონი დოლარის სწორედ რუსული წარმოების სიმინდზე დაიხარჯა.
რუსულ მარცვლეულზე ფასის ამგვარი მატება კიდევ უფრო დრამატულია ელექტროენერგიისა და გაზის გაძვირების ფონზე კომერციული ობიექტებისთვის. მიუხედავად მთავრობის მიერ ინიცირებული სუბსიდირების პროგრამისა, რომელიც მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქციის მწარმოებელ ბიზნესზე ვრცელდება, მოსალოდნელია, რომ გარკვეული ტიპის პროდუქციაზე ფასები მომდევნო თვეებში საგრძნობლად გაიზრდება.