შაქარაშვილის საქეში ბრალდებულის ადვოკატის თქმით, იაკობ ბრეგვაძე დაარიგეს

ჩემთვის საგულისხმოა, საღამოს საათებში პროკურატურაში იაკობ ბრეგვაძის გუშინდელი ვიზიტი, აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან კითხვები მექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ფოტოგრაფის ჩვენებები გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებსაც არ ემთხვევა და სასამართლოშიც განსხვავებულად საუბრობს.

„იაკობ ბრეგვაძეს არავის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, ზოგადად ისაუბრა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაშიც ცრუობდა, ვინაიდან გამოძიებაში მიცემული ჩვენებებიც ერთმანეთს არ ემთხვევა. აქ მოვიდა და აქ კიდევ სულ სხვა რამე თქვა. ფაქტობრივად, ეს ადამიანი ცრუობს. წინა პროცესზე დასრულდა პროკურორის მიერ პირდაპირი დაკითხვის წესით მისი დაკითხვა, ჩვენ ჯვარედინი დაკითხვის წესით დავკითხავთ, ვიმედოვნებთ, რომ სიმართლე ამოტივტივდება და ყველაფერი ნათელი გახდება საზოგადოებისთვის. შთაბეჭდილება მრჩება, რომ პროკურატურა ცდილობს საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს, თუმცა, ეშლებათ, საზოგადოების დაკვეთა არ არის ვინმე დაისაჯოს, საზოგადოების დაკვეთა პირველ რიგში ისაა, რომ სიმართლე დადგინდეს. ჩემთვის საგულისხმოა, საღამოს საათებში იაკობ ბრეგვაძის გუშინდელი ვიზიტი პროკურატურაში და ბუნებრივია, დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან კითხვები მექნება. მე ადვოკატი ვარ და ეჭვის შეტანის უფლება მაქვს, მეორე დღეს, ადვოკატებმა ჯვარედინი წესით უნდა დაკითხონ და პროკურატურაში ადის, მაინც და მაინც ახლა მოუნდა ვიზიტი პროკურატურაში, ხომ შეიძლებოდა დღეს მიეყვანათ?

სულ არიგებენ, მაგრამ ეს ბიჭი ვერანაირად ვერ დაარიგეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბებული სტრატეგია ყოფილიყო. დარიგებული რომ არის, ეს ნათელია,“ – განაცხადა ადვოკატმა

ცნობისთვის, იაკობ ბრეგვაძე პროკურატურაში გუშინ იმყოფებდა.

წყარო: ptn.ge