„ახალი წლის შემდეგ ორი კვირა გავიდა და ახალი შემთხვევების მატება არ აღინიშნება, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვა“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების დაცვა განვაგრძოთ, რადგან ამ ეტაპზე არსებული სტაბილური ეპიდსიტუაცია არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”