საქართველოს პორტებში საკონტეინერო გადაზიდვები მცირდება – სამომხმარებლო ფასები იმპორტულ საქონელზე ისევ გაიზრდება

2020 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 485 410 ერთეულიდან 359 232-მდე შემცირდა. მაჩვენებელი შემცირდა ბათუმის საზღვაო ტერმინალშიც.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში მაჩვენებელი 102 794-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდში 94 802-ს.

კომპანია „სოფმარის“ დამფუძნებელი ვახტანგ ალანია ჩინეთიდან შავი ზღვის მიმართულებით გადაზიდულ ტვირთებზე ფასების მკვეთრ მატებაზე საუბრობს.

„2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე 40 ფუთიანი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება გაიზარდა 2500 აშშ დოლარიდან 9 000 აშშ დოლარამდე, რამაც გადაზიდვების ბაზარზე დიდი ცვლილებები გამოიწვია. მკვეთრად შემცირდა გადაზიდვაზე დაკვეთების რაოდენობა, როგორც იმპორტი, ისე ტრანზიტი, ასევე, შეიცვალა ტვირთის გადაზიდვის მარშრუტი და მიმართულება.

დაკვეთების რაოდენობა შემცირდა, რადგან მომხმარებელი (სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში) დადგა არჩევანის წინაშე – გააგრძელოს ბიზნესი და გაზარდოს ფასები, თუ გაჩერდეს და შეწყვიტოს მუშაობა. პანდემიის და დღევანდელი ეკონომიკის ვარდნის პირობებში ფასების ზრდა გამოიწვევს საქონლის გაყიდვის რაოდენობის შემცირებას, რაც შემდგომში ბიზნესის მდგომარეობაზე აისახება”, – ამბობს ალანია.

ის მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს აქვს ალტერნატიული გზა – ირანი, თუმცა საქართველოსთვის ეს გზა საორჭოფოა. ამასთან, ზოგიერთმა კომპანიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოიყენოს ეს ალტერნატიული გზა.

„ჩემი მოსაზრებით, ეს გზა არ არის საუკეთესო, რადგან ირანი არ არის ინტერნეტით დაფარული, რაც შეუძლებელს ხდის ტვირთის გადაადგილების მონიტორინგს; შეუძლებელია ტვირთის დაზღვევა და ძვირია მძიმე ტვირთის გადაზიდვა. როგორც ვხედავთ, პრობლემათა ჩამონათვალი ნათლად მიუთითებს, რომ ირანის გზა არ არის უსაფრთხო, მაგრამ ფინანსურად შედარებით მომგებიანია, რაც მოხმარებელს უბიძგებს მიიღოს ეს სარისკო გადაწყვეტილება.

ჩვენ არ ვფლობთ სრულ ინფორმაციას, რა ხდება პანდემიურ მსოფლიოში და რამ გამოიწვია ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა, თუმცა შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ჩინეთში იგრძნობა კონტეინერების ნაკლებობა. ვიცით, რომ ამერიკაში პანდემიის გამო ძალიან შეფერხებულია იმპორტული ტვირთის მიღება, რამაც გამოიწვია კონტეინერების დიდი რაოდენობით დაგროვება ამერიკის ნავსადგურებში. იგივე ხდება ევროპაში. სავარაუდოდ, მსოფლიოს ერთ ნაწილში დაგროვილია კონტეინერების დიდი რაოდენობა და მეორე ნაწილში იგრძნობა უკმარისობა, ანუ დარღვეულია ბალანსი“, – აღნიშნავს ვახტანგ ალანია.

შეჯამებისთვის კი „სოფმარის“ დირექტორი ამბობს, რომ საქართველო აღმოჩნდა ყველაზე რთულ ვითარებაში, რადგან კარგავთ ტრანზიტული ტვირთის დიდ რაოდენობას, შიდა ბაზარზე ჩინეთიდან შემოსულ ტვირთზე გაიზრდება ფასები, რაც ცუდად იმოქმედებს ქართულ ეკონომიკაზე.

 

ინგა მურუსიძე, “ბიზნესმედია”