შევთავაზე შევიდეს და დაისვენოს, ჩვენც დაგვასვენოს რაღაცნაირად – ჩარკვიანი ელისაშვილზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილისა და “გირჩის” განაყოფის მიერ, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, ელისაშვილს შესთავაზა შევიდეს პარლამენტში და დაისვენოს.

“უნდა მას შესვლა და მე შევთავაზე მას, რომ შევიდეს და დაისვენოს, ჩვენც რაღაცნაირად დაგვასვენოს. მთავარია ჩვენ უმთავრესი მოვითხოვოთ, ეს გახლავთ გაყალბებული არჩევნების შეცვლა, ანუ ახალი არჩევნების დანიშვნა, იმ არჩევნებისთვის, რა თქმა უნდა, ახალი საარჩევნო სისტემით მივალთ, რატომ ცუღლუტობს ალეკო”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

პარტია ამბობს, რომ მათი პოზიცია უცვლელია, თუმცა გიჩი-ელისაშვილის ალიანსთან კონსულტაციას კვირის ბოლოს მაინც გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს ცალკე კონსულტაცია გამართეს “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა და “გირჩის” განაყოფმა. ელისაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში, მარტოც რომ იყოს პარლამენტში მაინც შევა, იაგო ხვიჩიას კი აქვს ინიციატივა, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარედეს, თუ ადგილობრივ არჩევნებშიოპოზიცია გაიმარჯვებს და ეს პლებისციტი იყოს.

ელისაშვილი ამბობს, რომ “ოცნებასთან” მოლაპარაკებებს მხოლოდ ელჩების თანდასწრებით განიხილავს, იაგო ხვიჩია კი ადასტურებს, რომ ელაპარაკება ყველას, მათ შორის მმართველ გუნდსაც.