ბიძინა ივანიშვილი ყრილობაზე არ იქნება, ის უბრუნდება 2011 წლამდე არსებულ ცხოვრების წესს – შალვა პაპუაშვილი
„როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მიდის ქართული პოლიტიკიდან, მიდის „ქართული ოცნებიდან“ და უბრუნდება თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს. დღეს, შესაბამისად, ის არ იქნება პარტიის ყრილობაზე. დღევანდელი ყრილობა საეტაპოა, საერთო ჯამში, „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა, იცით, რომ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი ამ თანამდებობაზე”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ის არის განსაკუთრებულად კარგი კანდიდატი ამ პოსტზე, ვინაიდან, იცით, რომ მას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი „ქართული ოცნების“ სტრუქტურულ, ორგანიზაციულ, იდეოლოგიურ გაძლიერებაში, ის იყო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბოლო რამდენიმე არჩევნების განმავლობაში და შესაბამისად, მის ორგანიზაციულ ჩვევებს უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ გამარჯვების მოპოვება დიდწილად. დღევანდელი ყრილობა იქნება, ასევე, საეტაპო იმ კუთხით, რომ მოხდება ჩვენი პარტიის ახალ ეტაპზე გადასვლა. ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან და პოლიტიკიდან, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ფაქტორი როგორც ქართული პოლიტიკისთვის, ისე „ქართული ოცნებისთვის“ და ახლა ის ეტაპია, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ სრული მასშტაბით უნდა აჩვენოს ის გუნდურობა, ის იდეოლოგიური სიმტკიცე, რომელიც მას აქვს და რომელმაც მე, თავის დროზე, რამდენიმე თვის წინ, გადამაწყვეტინა, რომ ამ პარტიაში შემოვსულიყავი და რაშიც მე დღითიდღე ვრწმუნდები” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.
წყარო: itv.ge