ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენს განწყობებს – შალვა პაპუაშვილი

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ანგარიში ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენ განწყობებსაც. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ვთქვით, რომ ყველა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანონ 31 ოქტომბრის არჩევნებიდან. ჩვენ გამოვიტანეთ ჩვენი დასკვნა და იცით, რომ ვაპირებთ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა გავატაროთ პროცედურებთან დაკავშირებით, შემოვიღოთ ელექტრონული სისტემა, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს ადამიანური ფაქტორები და შეცდომები”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ დასკვნა გამოვიტანეთ, ჩვენ ოპონენტებს როგორც ვხედავთ დასკვნა არ გამოუტანიათ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით, შენიშვნების ნაწილში თუ დააკვირდით, იყო უბნების 8%-ზე დისბალანსის საკითხი, რაზეც რამდენიმე ხანი ვსაუბრობთ. იცით რომ ეს მოდის „ისფედის“ ანგარიშიდან, შემდეგ 4 ნოემბრის არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში აისახა უბნების 8%-ში ე.წ. დისბალანსი, რაც რეალობიდან აცდენაა. მოვუწოდეთ არასამთავრობოებს, ჩაასწორონ განცხადება, სამწუხაროა, რომ მცდარი ინფორმაციაა ასახული მონიტორინგის მისიის ანგარიშში. მათ ვაცნობებთ, რომ მათი ციტირება არასამთავრობო ორგანიზაციების მცდარია.

ერთი ძირითადი ხაზი შეიმჩნევა უცხოელი პარტნიორების გამოხმაურებაში. ეს არის მოწოდება ჩვენი ოპოზიციის, რომ შევიდნენ პარლამენტში.

ვნახეთ, რომ მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიამ საკმაოდ მძიმე სიტყვები გამოიყენა და თქვა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს და ძირი არ უნდა გამოუთხაროს პარლამენტის მუშაობას. ესაც არის ჩვენი მოწოდება ოპონენტების მიმართ, შემოვიდნენ და აღასრულონ საკუთარი მანდატი“,-აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა განცხადება არჩევნებზე გადაცდომის შესახებ სრულად იყოს გამოძიებული და დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაიკავონ ახალ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები და „ძირი არ გამოუთხარონ მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას”.

წყარო: ptn.ge