დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოხდება. მისი თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს ქვეყანაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შემუშავება დაავალა.
„არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრის, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში შეიმუშავოს. პრინციპში, მისი მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ ეტაპობრივი. ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება, რომელიღაც ბიზნესი, დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს, რა შედეგს და დადებითობის მაჩვენებლის, ინციდენტობის ინდიკატორისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ასე თანდათანობით. პარალელურად, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გაფართოვებულ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობითა და თებერვლის შუა რიცხვებიდან ვაქცინაციასთან ერთად,”- განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთანავე, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს.
“რეზონანსი”