აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რუსლან აბაშიძის დანიშვნამდე, აფხაზეთის ბიუჯეტი 18 მილიონი იყო და მისი ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ ბიუჯეტი ერთბაშად 19 მილიონ 562 ათასი გახდა.
ახლა ვნახოთ, სად მიდის ეს მილიონები და რას ხმარდება. საახალწლოდ გაიფიცნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები. მათ რა ემღერებ-ეცეკვებათ! ამ ანსამბლის ხელმძღვანელი, ცნობილი მეცნიერი ფილოლოგ-კავკასიოლოგი ლევან ღვინჯილია სამსახურიდან მოხსნა. ამის შემდეგ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მიზანში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ამოიღო. ის იმ დროს გაათავისუფლა თანამდებობიდან, როცა ნიჟარაძეს წინასაახალწლოდ სპორტსმენებს აჯილდოვებდა და თავად აბაშიძეც ესწრებოდა დაჯილდოების ცერემონიალს. ერთმანეთს დაშორდნენ თუ არა, სახლში მიმავალი მინისტრი შუა გზაზე გაუშვა თანამდებობიდან და იმ დღესვე ამ პოსტზე დანიშნა ეკა ხოფერია.
მერე რა, სააკაშვილი ჰაერში, თვითმფრინავში ხსნიდა მინისტრებს. აბაშიძეც ხომ სააკაშვილის ჩინოვნიკი იყო და ამიტომ ბაძავს თავის ყოფილ „ფიურერს“. მანამდე კი აბაშიძემ დაფინანსება შეუწყვიტა აფხაზეთის მხატვართა კავშირს. მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ დავით ბაძაღუამ თავისი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. უფრო ადრე აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაცია გამოაცხადა. შექმნა ვითომ ახალი ცენტრი და სახელი დაარქვა „აფხაზეთის ანალიტიკური ცენტრი“, სულ სხვა სტრუქტურით. ავტომატურად განთავისუფლდა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტი, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი ავთანდილ დავითაია უძღვებოდა. მას კი შესთავაზა სხვა სამსახური. ხელფასს მოგიმატებო, დაპირდა აბაშიძე, მაგრამ ავთანდილ დავითაიამ კატეგორიული უარი განუცხადა, რადგან მასთან მუშაობას სახლში წასვლა არჩია. მას შემდეგ „აფხაზეთის ანალიტიკურ ცენტრს“, როგორც ჩვენი რეპონდენტები ამბობენ, აფხაზეთის თემაზე არც არაფერი გაუკეთებია. იმასაც ამბობენ, ასეთი მითითება ზემოდანაა, რომ საერთოდ გაჩუმდნენ და ხმა არ ამოიღონ აფხაზეთის თემაზე.
შევეცადე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის განთავისუფლებულ მინისტრს როლანდ ნიჟარაძეს მობილურზე დაკვავშირებოდი და ინტერვიუ ჩამეწერა, რათა გაგვეგო, მაინც, რა იყო მისი განთავისუფლების მიზეზი, მაგრამ მან ჩემს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ინტერვიუზე დამთანხმდა აფხაზეთის მხატვართა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, ცნობილი მხატვარი დავით ბაძაღუა:
– ბევრი ვიფიქრე იმაზე, რომ ფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის ქმედებებს ახსნა მოვუძებნო, ამას ის პირადი უგუნურებით აკეთებს, თუ დავალება აქვს ასეთი. ვფიქრობ, დავალება აქვს ასეთი. აფხაზეთის მხატვართა კავშირი იყო ძალიან აქტიური როგორც შემოქმედებითად, ასევე პოლიტიკურად, რადგან მხატვრობა არ არსებობს პოლიტიკის გარეშე. დავით კაკაბაძე ისეთ ნიუანსებს ხატავდა, რომ პოლიტიკოსები დღესაც ვერ ხვდებიან და ვერ დგამენ ასეთ სწორ, ღირებულ და გონივრულ ნაბიჯებს. მთლად პოლიტიკაში არ გადავიყვან ჩემს ინტერვიუს, მაგრამ პოლიტიკა საქმის კარგად მართვას გულისხმობს. მხატვარი თუ სწორად გადმოსცემს კომპოზიციას, ეს საზოგადოებისთვის კარგი დასანახია და ეს არის პოლიტიკა – ამას ვგულისხმობ. ჩვენ სტამბოლში, გერმანიაში, ავსტრიაში, ლიტვის პარლამენტში აფხაზ მხატვრებთან ერთად გვინდოდა გამოფენა მოგვეწყო. აფხაზი მხატვრები მოდიოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ წავედით. „ალიას“ მკითხველს ვეკითხები, თუ ამას ჩვენ ერთობლივად გავაკეთებდით, იქნებოდა თუ არა ეს პოლიტიკა? მე ვპასუხობ, ეს იქნებოდა პოლიტიკა. ჩვენ, ხელოვანი ხალხი, კარგი იარაღი ვართ აფხაზ ხალხთან შერიგებისთვის. აბა, აფხაზეთის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს ყველაზე ნაკლები შანსი აქვს აფხაზებთან მოსალაპარაკებლად, რომ მაგიდასთან დასხდნენ. აფხაზეთის მხატვართა კავშირი ყველაფერს აკეთებდა ამისთვის და მიღწეული გვქონდა შეთანხმება, მაგრამ აფხაზეთის მთავრობამ ერთი ლარი არ გამოყო ამ შეხვედრებისთვის.
– ბატონო დავით, აბა, სად იხარჯება ეს მილიონები?
– სად იხარჯება ეს თანხები, თვითონ იციან. ჩვენს ორ მხატვრას ჰქონდა სიმბოლური ხელფასი და აბაშიძემ მხატვართა კავშირს დაფინანსება საერთოდ შეუწყვიტა. მე არ ვიცი, ჩვენზე რა ინფორმაცია ჰქონდა აბაშიძეს. როდესაც მას შევხვდით აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრები: ცნობილი სოხუმელი ლაზი მოქანდაკე, ნერსე ბაცაში; გულრიფშელი მხატვარი ზურაბ ჭედია – ცნობილი მხატვრის პანტელეიმონ ჭედიას ვაჟი, ყველა უცხოელი თუ თბილისიდან ჩამოსული სტუმარი მათ ოჯახში იკრიბებოდა სოხუმში; მხატვარი მერაბ ფიფია, რომელსაც უამრავი მხატვარი მეგობარი ჰყავს, ასეთ ცნობილ მხატვრებს რუსლან აბაშიძე ისე უდიერად მოგვექცა, რომ ნერსე ბაცაშმა მაგიდაზე მუშტი დაარტყა და ამ დროს მისმა დაცვამ შემოიხედა კაბინეტში, იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო ბატონმა ნერსემ თავი და ასევე ყველა ჩვენგანმა. ნერსემ უთხრა თავმჯდომარეს, სიმბოლური ხელფასი გვაქვს ორ კაცს. უბრალოდ, საწვავის ფული არ გვაქვსო. აბაშიძის პასუხი: ენთუზიაზმით ირბინეთო. მე პირობა მივეცი აბაშიძეს, პრემიერის სახელზე დავწერ წერილს-მეთქი, გაუგზავნეთო, – მიპასუხა, – ასლი კი მე გამომიგზავნეთო. – აი, გაუგონარი ცინიზმი.
– რატომ გაათავისუფლა რუსლან აბაშიძემ განათლებისა და კულტურის მინისტრი?
– მოცეკვავეებს ორი თვის ხელფასი არ ჰქონდათ აღებული, აქცია მოუწყვეს აბაშიძეს. კულტურას ფულს არ აძლევს და მინისტრი საიდან გადაუხდიდა ფულს მოცეკვავეებს?.. და სწორედ იმ დღეს მოხსნა.
– განათლებისა და კულტურის ახალი მინისტრი ეკა ხოფერია თქვენთვის მისაღებია?
– ჩემთვის მისაღებია მებრძოლი ადამიანი, რომელსაც შეეძლება, ენგურს იქით გავიდეს და ამის უფლება მას უნდა ჰქონდეს აფხაზებისგან. პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი. კაბინეტში ჯდომით ნაბიჯი არ გადაიდგმევა. ვიცი, ამ თემაზე აფხაზ დეპუტატებსა და აბაშიძეს შორის იყო დავა. აბაშიძეს რაღაც ძალა აწვება რუსეთიდან. მე 2004 წელს გადავედი აფხაზეთში და დამიჭირეს საზღვარზე. ორი თვე ვიყავი ტყვეობაში. მერე გამათავისუფლეს. ჩემი ძმა და დედა გალში ცხოვრობენ, ოტობაიაში. ისინი მუდმივ ტყვეობაში არიან.
– როგორ ფიქრობთ, რუსლან აბაშიძეს ვინ მფარველობს?
– ამბობენ, ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახეა და შესაძლოა, ამ ხასიათის მატარებელიც იყოს. სანამ გაუვა, აკეთებს.
– რამდენი სამინისტროა, რა საჭიროა ამდენი შტატები და საერთოდ, სად იხარჯება ეს მილიონები?
– დევნილთა დეპარტამენტი სამინისტროდ გადააკეთა. ახლა დევნილთა სამინისტრო ჰქვია. არსებობს განათლებისა და კულტურის, ჯანდაცვის, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტრო. არის აფხაზეთის თეატრი, აფხაზეთის კაპელა, კულტურაში მის მოსვლამდე ბიუჯეტიდან 2 მილიონი მიდიოდა. ახლა არ ვიცი. მე სამსახური ჩემი განცხადების საფუძველზე დავტოვე. აკადემიაში ვმუშაობ პედაგოგად. ჩემი სტუდია მაქვს. ხელოვანი ვარ. აბაშიძეს ერთხელ ვუთხარი, საფრანგეთში რომ ჩადიხარ, ევროპის ქვეყნებში, მუზეუმებში ხომ შედიხარ, მილიონობით ტურისტი იქ მიდის, ეს მხატვრებმა შექმნეს, ასეთი განწყობით რატომ ხარ მხატვრების მიმართ-მეთქი. პასუხი არ გაუცია. მე აფხაზეთისკენ მივისწრაფვი. ავთანდილ დავითაია აშუქებდა ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას, მაგრამ ის ისე შეზღუდა აბაშიძემ, თვითონ წავიდა. მე უწმინდესთანაც ვარ ნამყოფი ამ თემაზე. უწმინდესმა ჩემთან საუბარში ორი წინადადება თქვა: პირველი, მან ხატის შექმნის წინადადება დააყენა. მე ამას დიდი ხანია, ველოდებოდიო. ამის შემდეგ ლოცვა მამა ბიძინა გუნიას დააწერინა. მამა ბიძინა გუნიამ მე წამიკითხა ლოცვის ტექსტი. პატრიარქმა გვითხრა, ეს ლოცვა ყველა დევნილმა ზეპირად უნდა იცოდესო. სამწუხაროდ, დღემდე არავინ იცის ეს ლოცვა, რომელიც დაიბეჭდა. ხატი პატრიარქის კურთხევით შექმნა თემურ ჯაფარიძემ. რუსეთის პატრიარქს შეხვდნენ. მეუფე დანიელმა თემურ ჯაფარიძეს დაურეკა, მალე დაამთავრე ხატის შექმნა, უწმინდესი აფხაზეთში აპირებს შესვლას, ეს ხატი უნდა წააბრძანოს და მოიაროს აფხაზეთიო. ეს ხატი მართლაც შემოივლიდა აფხაზეთს, მაგრამ აფხაზეთის მთავრობამ ამჯერადაც თავი ვერაფერს გაართვა. რაც შეეხება საზოგადოებას, ხალხი არ არის მზად დაბრუნებისთვის და, ბუნებრივია, ეს პროცესი არ არის მომწიფებული. ამიტომ ბრძანა უწმინდესმა, სანამ ეს ლოცვა არ გეცოდინებათ, მანამ არ დადგება ჟამი დაბრუნებისო.
– ბატონო დავით, აფხაზეთის ბიუჯეტი 19 მილიონ 562 ათას ლარს შეადგენს. საქართველოს პირობებში ეს ძალიან დიდი თანხაა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უნდა ითხოვდნენ ანგარიშს, თითოეული ლარი რაში იხარჯება. თანამშრომლებს ხელფასებს არ აძლევენ. თქვენ, მხატვართა კავშირის წევრებს, დაფინანსება შეგიჩერდათ, სად მიდის, აბა, ეს ფული?
– ეს ფული ჩვენთვის არ არის. აფხაზეთის მთავრობისთვის კი კარგი ფულია. მე სულ ვამბობდი, ამ 19 მილიონ ნახევრიდან მინიმუმ ერთი მილიონი აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენის პროექტებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყოფილი. ნებისმიერ ინიციატორს უნდა ჰქონდეს უფლება, მოხმარდეს თანხა კარგ საქმეს. ამ თანხის ნაწილი ნებისმიერი მიმართულებით, თუნდაც, აფხაზ ხალხთან შეხვედრისას უნდა გამოიყენონ. ზუსტად ეს შეეძლო მხატვართა კავშირს და სხვა უამრავ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჰოდა, მილიონი კი არა, ერთი ლარიც კი არ გამოყო აბაშიძემ ამ მიმართულებით. ეს გრანტის სახით უნდა იყოს და კონკურსის შემდეგ უნდა აიღოს გამარჯვებულმა. მე მაქვს აფხაზ ხალხთან ურთიერთობა და ისინი მეუბნებიან, ესენი თქვენ რას გიშვრებიან და ჩვენ რას გვიზამენო. რასაც საქართველოს მთავრობა ამბობს, ყველაფერი ფარსიაო, – იძახიან ისინი.
თემის გაგრძელება იქნება
ნანა სულავა, ალია