„არ თქვა ხმამაღლა ეგ, არ შეიძლება“ – ვრცელდება ნატალია ილიჩოვას ფარული სატელეფონო ჩანაწერი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვა სავარაუდოდ ტელეფონზე საუბრობს.

აუდიოჩანაწერში ილიჩოვა მამაკაცს ესაუბრება, რომლის ვინაობაც უცნობია. ჩანაწერში ილიჩოვა ამბობს, წინასწარ რომ სცოდნოდა, კომპიუტერს სახლიდან გაიტანდა.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ჩანაწერი დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზეა მომზადებული.

„ნატალია ილიჩოვა – მე რომ წინასწარ მცოდნოდა, სახლის კომპიუტერს გამოვიტანდი სახლიდან, მე შემეძლო ეს გამეკეთებინა ხომ?

მამაკაცი – არ თქვა, არ თქვა ხმამაღლა ეგ, არ შეიძლება;

ნატალია ილიჩოვა – იქ ძალიან ბევრი საარქივო მასალა იყო, ძალიან ბევრი;

მამაკაცი – იქ არის ისეთი რამე, არ ვიცი რომ, ვინმემ ნახა?;

ნატალია ილიჩოვა – იქ არის აზრები, იქ არის მოსაზრებები

მამაკაცი – ვისი აზრები, მოსაზრებები?“

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ფარული ვიდეო და აუდიო მასალა გაავრცელა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა. საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისთვის მიმართული მოქმედებების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების საქმეში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა 100-მდე პირი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იყო საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის, კარტოგრაფიული მასალა.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 1937-1938 წლების 1/200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რუკა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ნაცვლად ბრალდებულის სამუშაო კაბინეტისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში“, – განაცხადა გულუაშვილმა.