ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპულ სასამართლოში ისტორიული გამარჯვების მოლოდინი გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დიდი შრომა იყო გაწეული.
„დაახლოებით 700-მდე მტკიცებულება იყო წარდგენილი სტრასბურგში 2013 წლიდან მოყოლებული. ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა და დაირღვა კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის როგორიც არის სიცოცხლის უფლება. გაწეული შრომის შედეგად, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება.
რაც უკავშირდება აღსრულებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა იმის ხაზგასმას, რომ საქართველომ გამარჯვება მოიპოვა და კონვენციის მუხლების დარღვევა დაფიქსირდა, ისტორიული მნიშვნელობა ექნება,”- განაცხადა ოხანაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს მტკიცებულებების წარდგენისას ქართული მხარის მიერ ვადების დარღვევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ისინი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ცდილობენ.
„ისინი იმასაც კადრულობენ, რომ სცადონ, ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანება საერთაშორისო დონეზე. ასეთი განცხადებები არასახელმწიფოებრივია და ხაზს უსვამს მათ არასახელმწიფოებრივ მიდგომას და იმას, რომ ამ ჯგუფებისთვის სულერთია ის, თუ რა შედეგი დადგება. საბოლოოდ, ჩვენ როგორ ვიმუშავეთ და „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რა შედეგი დადო, ეს ცხადი გახდება იმ გადაწყვეტილების შედეგად, რაც დღეს გამოცხადდება,”-განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დღეს განაჩენს გამოიტანს.
“ინტერპრესნიუსი”