“გახარია 5-6 მინისტრს შეცვლის და კალაძე-კობახიძეს მშრალზე დასვამს” – დავით ჭიჭინაძე

პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას პოლიტიკური დასაყრდენი არც პარლამენტში ჰყავს და არც მინისტრთა კაბინეტში:

– სამაგიეროდ, გახარიას ყველაზე კარგი სასტარტო პირობები აქვს. შეუძლია ახლავე განახორციელოს 5-6 მინისტრამდე ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში და თავისი პოზიციები გაიძლიეროს. შეუძლია პარლამენტში გაიჩინოს დასაყრდენი ბიზნესმენ დეპუტატების შემადგენლობაში. გახარია უფრო ორგანიზებულიც არის და უფრო გამჭრიახიც. ხალხშიც უფრო მეტი სიმპათიით სარგებლობს, ვიდრე კობახიძე და კალაძე. არჩევნებშიც მას უფრო მეტი ხმა აქვს “ოცნებისთვის” მოტანილი, ვიდრე კობახიძეს. თუ გახარია გაბედავს, მას შეუძლია ეს სვლა განახორციელოს და კობახიძე და კალაძე თავის ამბიციებში დატოვოს.

– თუ გახარიამ ეს ნაბიჯი გადადგა, ეს შეიძლება იყოს ნიშანი, რომ ივანიშვილი მართლაც წავიდა?

– შევთანხმდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავიდა. ივანიშვილს არანაირი კუდები არ დაუტოვებია. მისთვის “ქართული ოცნება” დასრულებული ამბავია.

– აბა კობახიძე ვინ არის?

– კობახიძე “ქართული ოცნების” მესაფლავეა. ის კარგი დამანგრეველია. ჭორები ვრცელდებოდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ აბრუნებდა, ხან პრემიერ-მინისტრი ხდებოდა, მაგრამ ივანიშვილი მიხვდა, რომ ეს აფეთქების ტოლფასი იქნებოდა. პარტიის თავმჯდომარეობა კი ასე ხმაურიანად არ ჟღერს.

– კახა კალაძე დარჩება “ქართულ ოცნებაში” თუ დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს?

– თუ პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება, მაშინ დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს. კალაძეს პოლიტიკური ალღო აქვს და ძვირადღირებული მრჩევლებიც ჰყავს. არ გამოვრიცხავ, რომ კალაძემ ახალ გადაჯგუფებებში მიიღოს მონაწილეობა. მეტიც, შეიძლება რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად დაიწყოს ახალი თამაში და ის ამას “ქართული ოცნების” კრიტიკით დაიწყებს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა