მადლობა “იბიარდს”, ინოვაციური ენერგეტიკის განვითარების მხარდაჭერაში

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), აღნიშნული ორგანიზაციის საქართველოს ოფისს, რომლებიც მუდმივად ჩვენს გვერდით არიან და გვეხმარებიან ჩვენ ენერგეტიკული რეფორმების გატარებაში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას. ვებინარი „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა.

მინისტრის განცხადებით, საქართველომ, პანდემიის მიუხედავად, ენერგეტიკული რეფორმების განხორციელება განაგრძო. მან ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროცესში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაწილეობას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ საფინანსო ორგანიზაციის წვლილი საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების – ჰიდრო, მზის, ქარის ენერგეტიკის განვითარებაში.

ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა „იბიარდთან“ თანამშრომლობის კიდევ ერთ მიმართულებაზე. ესაა განახლებადი ენერგიის ინოვაციურ სახელობები, როგორიცაა, მაგალითად, „მწვანე“ წყალბადი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, ატარებს კვლევას აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ.

 

“ალია”