“მისი მსხვერპლი 14 წლის გოგონაა” – ვინ არის ბათუმში დაკავებული რუსეთის მოქალაქე

ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი რუსეთის მოქალაქე ბათუმში  დააკავა.

 

 

შსს-ში დაკავებულის ვინაობას არ აკონკრეტებენ, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საუბარია 34 წლის ალექსეი ლენივცევზე, რომელსაც ირკუტსკის ოლქში გახმაურებული კრიმინალური სკანდალი უკავშირდება. მას იქ „კოს“ მეტსახელით იცნობენ.

ცნობილი ხდება, რომ, ირკუტსკის ოლქში მას პროსტიტუციის დიდი ქსელი ჰქონდა აწყობილი. ახალგაზრდა ქალებს მასთან მუშაობაზე უარის თქმის სანაცვლოდ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ის კი, ვინც წინააღმდეგობა სცადა, „კოს“ დაჯგუფებამ გაიტაცა, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ.

გამოძიებით ირკვევა, რომ ალექსეი ლენივცევის ყველაზე პატარა მსხვერპლი 14 წლის გოგონაა. საქმეში სხვა არასრულწლოვნებიც ფიგურირებენ, რომლებთან კონტაქტზეც სოციალური ქსელის მეშვეობით გადიოდნენ.

ცნობილია ისიც, რომ პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს იძულებით აძლევდნენ ფსიქოტროპულ და ნარკოტიკულ საშუალებებს.

გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების კვალზე მას შემდეგ გავიდა, რაც ერთ-ერთი არასრულწლოვნის პროსტიტუციაში შესაძლო ჩართვის ფაქტი გახდა ცნობილი.

მალე მთელი ქსელი გაიშიფრა, თუმცა ალექსეი ლენივცევმა გაქცევა მოასწრო. როგორც ჩანს, ის საქართველოს აფარებდა თავს.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი მამაკაცი ქართველმა სამართალდამცველებმა ბათუმში დააპატიმრეს.

პრაიმ ტაიმი