რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნებს არ ეთანხმება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ ინციდენტებში რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.
„მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის აღკვეთაში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარემოებების ასეთი შეფასება გამომდინარეობს ევროსასამართლოს ექსტერიტორიული იურისდიქციის კონცეფციიდან, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს საერთაშორისო სასამართლოს პოზიციას და საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებულ წესებს,” – აღნიშნულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიხეილ გალპერინის თქმით, სასამართლოს არ დაუდასტურებია რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა.
„ქართული მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, თუმცა წარუმატებლად, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გამოიყენება არა მხოლოდ მშვიდობიან დროს, არამედ საბრძოლო მოქმედებების დროსაც, რაც ძირს უთხრის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ჩვენ შევძელით ევროპელი მოსამართლეების იმაში დარწმუნება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის 8-12 აგვისტოს მოქმედებების სამართლებრივი შეფასება სცილდება მათ იურისდიქციას. ასევე, სასამართლოს არ დაუდასტურებია რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა “, – განაცხადა მიხეილ გალპერინმა.