ხევსურ მურღვა არდოტელზე ნახევრად ხუმრობით ამბობენ, ასეთი ქართველი საქართველოს „წითელ წიგნშია“ შესატანიო.
მარტო სიტყვით არ ქართველობს — ასი იმდენს, უკვე წლებია, საქმითაც ამტკიცებს. მისი ცხოვრების ამბავი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა კაცმა ჩვენ დროში დიდი წინაპრის სახელი დაირქვა, საკუთარი გვარი დააარსა და საზღვართან მდებარე ხევსურთა სოფელში, რომელიც თავადვე აღადგინა, 27 წლის მანძილზე ცხოვრობს და იზამთრებს. პროფესიით ფილოლოგია და მასავით ალალ და მართალ ლექსებს წერს. ამ ადამიანის თქვენ წინაშე წარდგენას მისი ერთი, თითქმის ავტობიოგრაფიული ლექსით დავიწყებ:
ერთი მლოცველი მეცა ვარ
შენი წყლისა და ქვიშისა.
ვინა ვარ? — სამასმეერთე
არაგველთა ვარ ჯიშისა!
შენი გაზრდილი ბოკვერი,
მტრისთვის შემკვლელი თავისა,
სულს სხვა რა უნდა სტკიოდეს,
თუ არ სამშობლო თავისა.
საერთო ნაცნობებმა გაგვაფრთხილეს, მურღვა ამჟამად ორი კვირითაა სოფელ გამარჯვებაში ჩამოსული, მიუსწარით, თორემ მერე მასთან გასაუბრებას მობილურითაც ვერ მოახერხებთო. ჩვენც არ დავაყოვნეთ და დავუკავშირდით.
– ბატონო მურღვა, თქვენ შესახებ ბევრი რამ მოგვითხრეს მეგობრებმა, თქვენმა მეუღლემაც გვითხრა, ოჯახის საქმეს გვერდზე გადადებს ხოლმე და პირველ რიგში სახალხოს და საქვეყნოს აკეთებსო…
— მთლად ეგრეც არ არის, ჩვეულებრივი ვარ, მაგრამ თუ ადამიანს, გარდა საკუთარისა, გაჩენის დღიდან სულთამოსვლამდე ქვეყნის პასუხისმგებლობაც აქვს აღებული — სულ ასე იქნება. ზუსტად ვერ ვაყალიბებ, რასაც ვგულისხმობ, მაგრამ საერთოც და საკუთარიც ხომ ერთნაირად უნდა გვტკიოდეს? მერე კიდევ, ის საერთოც ხომ საკუთარია, არა?!.
– რა კარგად თქვით. ბევრმა სწორედ ეგ ვერ გააცნობიერა — საერთოც საკუთარი რომაა. მურღვა ვინ დაგარქვათ?
— ეს ჩემი ზუსტი სახელი არ არის, პასპორტში ნიკოლოზი მიწერია — ნიკოლოზ არდოტელი ვარ. მურღვა ჩემი წინაპრის სახელია, ის მეთორმეტე საუკუნეში იყო და გიორგი ერქვა. მურღვა ფშავლებმა დაარქვეს და ფშაურ დიალექტზე ეს მეომარს, მოშუღლარს, მოუსვენარს ნიშნავს, სალიტერატუროზე კი — მღვრიეს. მე ჩემი წინაპრის სახლ-კარი აღვადგინე და დღეს იმ ფუძეზე და კერაზე ვცხოვრობ, სადაც ის იყო. როცა პოეტმა ბაღათერ არაბულმა ჩემი ამბავი გაიგო, ასე მითხრა, ნამდვილი მურღვა ყოფილხარო. ის, ჟურნალ „ცისკრის“ დამატება გამოდიოდა – „ნობათი“ და ლექსებს იქ მიბეჭდავდა. როცა დავფიქრდები ხოლმე, იმ დიდი წინაპრის სახელი დიდი პასუხისმგებლობაცაა — თავისი ისტორიით, ცხოვრებით, ფიქრებით…
– გვარი არდოტელი თქვენ დააარსეთ?
— არდოტელი ტოპონიმიკური გვარია, რომელიც 1987 წელს მე თვითონ დავაარსე. ჩვენ დიდი წინაპრის, მურღვას შთამომავლები 560 კაცი დავრჩით. ჩემი ნამდვილი გვარი ჭინჭარაულია, მაგრამ საბჭოთა პერიოდში, როცა კომუნისტებმა გვარების გადაკეთება დაიწყეს (წინაპრის სახელიდან გამომდინარე), ყველანი მურღოევებად დაგვწერეს. როცა წამოვიზარდე, მინდოდა ჩვენი გვარი დაგვებრუნებინა, მაგრამ მაშინდელი კანონი ამის უფლებას არ გვაძლევდა. იუსტიციის სამინისტროში მოხსენებაც წავიკითხე ამ თემაზე და ყველაფერი საბუთებით თვალნათლივ დავამტკიცე. მაგრამ მაშინ ჭინჭარაულად რომ დავწერილიყავით, მაინც ვერ მოვახერხე. ერთხელაც მინდა ჩემი გვარის ისტორია გამოვაქვეყნო. მთაში ასვლამდე სახელმწიფო მუზეუმში ვმუშაობდი, სადაც მეცნიერ-მუშაკი ვიყავი. დავიწყე ასპირანტურისთვის მზადება, მთელი ჩრდილოეთ კავკასია შემოვიარეთ, ის მხარე გამოვიკვლიეთ. პროფესიით ფილოლოგი ვარ ფოლკლორის სპეციალიზაციით, ამ თემასთან ბავშვობიდან ვარ ახლოს.
– ვიცი, რომ სოფელ არდოტში ადგილობრივი ოჯახების დაბრუნება თქვენი ოჯახით დაიწყო, როგორ მოხდა ეს ამბავი?
— ძალიან მინდოდა მთაში დავბრუნებულიყავით, ამიტომ მურღვას შთამომავლები შევკრიბე და გადავწყვიტეთ ჩვენი წინაპრების სოფელი არდოტი აღგვედგინა და გაგვემაგრებინა. 80-იან წლებში შატილის აშენება დაიწყო. მაშინ არდოტში მასწავლებლად დავბრუნდი და ჩემთან ერთად 15 ოჯახი დაბრუნდა. თავის დროზე ჩვენმა პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ არდოტში გზა შეიყვანა. მაშინ შევხვდი მთავრობის წარმომადგენლებს და ვთხოვე, რომ აქაურობის პრობლემები გადაეწყვიტათ. ამ საქმეს ჩემი ძმადნაფიცი ზურა ჯაფარიძე უძღვებოდა. მას დიდი სამეგობრო ჰყავდა და ბევრ ხალხს იცნობდა. ზვიად გამსახურდიამ ამ საქმისთვის მილიონი გამოყო და ჩვენს ხეობას 300 ათასი მოხმარდა. კონსტანტინე გამსახურდია რომ წერს, „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვსო“, ქართული საქმეც ეგრეა — გულის სისხლს მოითხოვს. მაშინ გიორგი წიკლაური ხევსურეთის თემთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და საქმის კურსში იყო. ის სოფელ გამარჯვებაშიც მოვიწვიე, მთაშიც გადავიყვანე. მან დიდი საქმე გაგვიკეთა და 700 ათასი არდოტისკენ წამოვიდა. მაშინ ორ კვირაში მუცოდან კლდე გაჭრეს და იქ გზა გავიდა. ამან ჩვენი მთისკენ მიბრუნება გამოიწვია.
– ბატონო მურღვა, თქვენ იმ მხარეში სკოლა-ინტერნატის მასწავლებელი იყავით, მაგრამ მერე სოფელი ისევ დაცარიელდა, რატომ?
— როგორც გითხარით, არდოტში იმ დროს 15 ოჯახი მივტრიალდით და 51 სული ვიყავით. შატილში სკოლა-ინტერნატი გაიხსნა და იქ მასწავლებელი არ ჰყავდათ. მე დავტოვე თბილისი და 1991 წელს იქ დავბრუნდი. მას მერე მთაში ვარ. მერე კი 5 წელიწადში ის ადგილები ნელ-ნელა ისევ დაცარიელდა, საშველი არ დაადგა. ყველაფერი გაჩერდა და მე შემოვრჩი იქ მასწავლებლად. ბოლოს 12 მოსწავლე მყავდა. მერე მათაც დაამთავრეს და სხვადასხვა რეგიონებში წავიდნენ. ბოლოს, 2009-2010 წლებში ჩემს ორ უფროს ბავშვს ვასწავლიდი. დუშეთის გამგეობას ვთხოვე, ნუ დამიხურავთ–მეთქი სკოლას და მათ გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი ტკივილი, მაგრამ მერე, სამწუხაროდ, ბავშვი აღარავინ გამოჩნდა… სოფელი ისევ დაცარიელდა და ჩემს ბავშვებს სწავლა-განათლება რომ მიეღოთ, სოფელ გამარჯვებაში ჩამოვიყვანე. მე უკვე რვა წელია ზამთარში მარტო ვარ. ახლა ივნისამდე ვეღარ გადმოვალ.
– გავიგე, სადაც იზამთრებთ, იქ მობილური არ იჭერს და ამიტომ თქვენთან კომუნიკაცია ფაქტობრივად ვერ ხერხდება?
— ეგრეა. იქ რომ მობილურმა დაიჭიროს, ამისთვის ან არდოტის მთაზე უნდა ახვიდე, ან მუცოში და შატილში ჩახვიდე, სხვაგან ტელეფონი არსად იჭერს. იქიდან თვეობით ვერ ჩამოვდივარ, ტელეფონის ანძა რომ იყოს, ოჯახთან შევძლებდით დალაპარაკებას. მთაში ბუნებას ვესაუბრები ხოლმე. ამ წუთას არდოტში სულ ორი კაცია, მერე მეც ავალ. ერთი მოხუცი გვყავს, 79-ე წელშია, იმედა, არდოტელი კაცია. ღვთის ანაბარაა და არავინ ჰყავს. კიდევ მე ვარ და ზურა არდოტელი. იქ მეურნეობა მაქვს, საქონელი მყავს, მაგრამ დამხმარე არავინაა. გაზაფხულზე, მაისის მერე კი 9-10 ოჯახამდე ამოდის და მაშინ უკვე სოფელი სოფელს ჰგავს. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენს წინაპრებს, ვინც იქ, საზღვრის პირას ცხოვრობდნენ და ქვეყნისთვის თავი გასწირეს, ჩვენ ვერ ვბაძავთ…
– მურღვა ბატონო, როგორ ეტყვით თქვენს საწუხარს ქართველებს, როგორ დააკვალიანებთ მათ?
— მე, როგორც ფილოლოგი, ქართველი, სამშობლოზე ჩაფიქრებული და დადარდიანებული, გულღიად გკითხავთ: ისეთი რა გაგვიჭირდა, რომ ვერ გადავნაწილდით? თბილისი – გასაგებია, ყველას გვიყვარს, დედა ქალაქია, აქედან გამოდის კულტურა, მაგრამ თუ ყველაფერი დავივიწყეთ, თუ წინაპართა საფლავები დავტოვეთ, მთას თუ არ მივეფერეთ, მოყვარეს და (მტრისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ) მტერსაც არ დავხვდით — ცხოვრება რაღად ეღირება?! კაცი მაშინ უფრო ბედნიერი იქნები, როცა წინაპართა სულის წინაშე ჯვარ-ხატსა და სალოცავთა წინაშე მართალი ხარ! მარტო ის ხომ არაა, რაღაც იშოვო და გამდიდრდე? სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობაც ხომ არ უნდა დავივიწყოთ? მე ვერავის დავაკვალიანებ, მაგრამ სიმარტოვეს რომ გრძნობ, ობოლივით რომ დადიხარ შენს ქვეყანაში და ქართული ლაპარაკი გენატრება — ეს ძალიან დიდი ტკივილია! ასე არ უნდა გავწიროთ ადამიანები. ხელისუფლებას მივმართავ: ხომ შეიძლება თანხები ისე განაწილდეს, რომ საქართველოს ეს მხარეები არ დავკარგოთ? ქართული ხასიათი და სამყარო არ უნდა გაუბრალოვდეს…