გუშინდელი ისტორიული დღის შემდეგ, “სტრასბურგის გამარჯვება” ბასიანის და დიდგორის გვერდით დაიმკვიდრებს ადგილს ქართულ ისტორიოგრაფიაში, ოქროს ასოებით ჩაიწერება მამულიშვილთა გულებში, თუმცა, საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო.
პირველი, “პატრიოტული” ნაწილი, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობისგან შედგება, თვალცრემლიანი აღნიშნავს “ძლევაი საკვირველს”. დამარცხებულ-შერცხვენილ იმპერიას კიდევ ერთხელ ჩამოეხსნა ნიღაბი და ისღა დარჩენია, რომ საოკუპაციო არმია გაიყვანოს. კრემლი შეიმუსრა, ასეთი მწარე მარცხი, თვით ესტონეთისგანაც არ უგემიათ, ოღონდ, პუტინმა ჯერ არაფერი იცის, რადგან “იმედს”, “რუსთავს” და “მთავარს” არ უყურებს.
როცა გაიგებს, აუცილებლად გასცემს უკანდახევის ბრძანებას და სამდღიან გლოვასაც გამოაცხადებს, კრემლის მოოქროვილ დარბაზებს თალხით შემოსავს და მონასტერში გაიხიზნება, სოლოვეცის კუნძულზე.
მეორე, მცირერიცხოვანი ნაწილი, ძირითადად ერთეული დაბოღმილი მოღალატეებისგან შედგება… ეს რუსულ რუბლებს დახარბებული რენეგატი, მავნებელი ღორები, აქიაქებენ რა ამ დიად მოვლენას, აცხადებენ, რომ ისეთი არაფერია თქმულა, რაც ამ 30 წლის მანძილზე არ გაუჟღერებიათ ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, ბერლინსა თუ პარიზში, რომ ირიბად , ამ საბუთშიც ქართული მხარეა ომის დაწყებაში დადანაშაულებული, რომ ეს გადაწყვეტილებაც ისეთივე ქაღალდად დარჩება, როგორც ათასობით აქამდე მიღებული მრისხანე რეზოლუცია, დეკლარაცია, დასკვნა თუ განცხადება, რომლებიც კრემლმა წარმატებით დაიკიდა (ვარსკვლავზე), რომ რუსეთს არანაირი ფაქტობრივი ვალდებულება არ აქვს პატარა ევროპულ ქალაქში არსებული სასამართლოს წინაშე…
მოკლედ, იაფფასიან, მდარე პროპაგანდას ეწევიან, რაც ვერ შებღალავს წმინდა გამარჯვებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ!
Carthago delenda est!
დაათ ცაბაძე