ვაქცინაციის დაწყებიდან საფრანგეთში დაფიქსირდა 139 გვერდითი მოვლენა, 5 პაციენტი გარდაიცვალა, არსებული მონაცემებით, ვაქცინაცია სიკვდილის უშუალო მიზეზად არ უნდა ჩაითვალოს – ამის შესახებ ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი წერს.
„ANSM გახლავთ საფრანგეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების უსაფრთხოების სააგენტო. მთლად არა, მაგრამ დაახლოებით ამერიკული FDA ს ანალოგი. პრეპარატების გამოყენებაზე ნებართვას სხვა ინსტანცია იძლევა, ამ სააგენტოს როლი სწორედ გართულებების მონიტორინგი, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ პრეპარატის გამოყენების აკრძალვაა.
ეს არ არის მასმედია, მათი ინფორმაცია და დასკვნები ყოველთვის ზუსტ სტატისტიკას ეფუძვნება. კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მონაცემებს ყოველ კვირა, რამდენჯერმეც კვირაში, ანახლებენ.
ვაქცინაციის დაწყებიდან (27 დეკემბერი) 19 იანვრისათვის საფრანგეთში დაფიქსირდა 139 გვერდითი მოვლენა. მათგან ოცამდე “მძიმე“. დეტალები არაა მოყვანილი. სააგენტოს მიერ ამ გართულებების განხილვა მოხდება 21 იანვარს. 5 ადამიანი (ხანშიშესულთა სახლების ბინადარნი) გარდაიცვალა ვაქცინის გაკეთების შემდგომ დღეებში.
ხაზგასმითაა მითითებული, რომ დღევანდელ დღეს არსებული მონაცემებით, ვაქცინაცია სიკვდილის უშუალო მიზეზად არ უნდა ჩაითვალოს. ეს სტატისტიკა ეხება Pfizer/BioNTech ვაქცინას. დაახლოებით 400 000 ადამიანია აცრილი ამ ვაქცინით. Moderna ს ვაქცინის გამოყენებაც დაიწყეს საფრანგეთში, მაგრამ ცალკე მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა“, – წერს ბოჭორიშვილი სოცქსელში.